ზამთარს ადრეულ გაზაფხულს თან ახლავს D ვიტამინის დეფიციტი და ინფექციების რისკი. ვიტამინი D წარმოიქმნება ჩვენს კანში, მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ. გარდა ამისა, ვიტამი D, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, გვხვდება ცხიმიან თევზში (სკუმბრია, ტუნა და სარდინი), სოკოსა და რძის ან რძის პროდუქტების შემცვლელებში. ინფექციებთან საბრძოლველად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ადამიანს D ვიტამინი სჭირდება. ბედის ირონიაა, რომ ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება D ვიტამინი, ბევრი ჩვენგანი საკმარის რაოდენობას ვერ იღებს. საინტერესოა, რა ოდენობით უნდა მივიღოთ D ვიტამინი? უნდა მივიღოთ თუ არა ის საკვები დანამატების სახით? როგორ მივიღოთ საჭირო ოდენობით და ყველაზე მთავარი – ვის სჭირდება D ვიტამინი ყველაზე მეტად?
ამ სტატიაში D ვიტამინის სასარგებლო თვისებებს განვიხილავთ. გავიგებთ, რა ემართება სხეულს, როდესაც ამ ვიტამინის საკმარის რაოდენობას არ ვიღებთ და იმასაც შევიტყობთ, როგორ გავზარდოთ D ვიტამინის დოზები.
რა არის D ვიტამინი
მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს D ვიტამინს. თუმცა ადრეულ გაზაფხულზე, D ვიტამინის დეფიციტის პირობებში, გარკვეული პროდუქტებისა და საკვები დანამატების საშუალებით, შეგვიძლია, ამ ვიტამინის მიღება გავზარდოთ.
ვიტამინი D აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის, ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად. მეტიც, სწორედ ამ ვიტამინს შეუძლია დაგვიცვას მთელი რიგი დაავადებებისგან, კერძოდ, ტიპი 1 დიაბეტისგან.
- სახელწოდების მიუხედავად, ვიტამინი D მხოლოდ ვიტამინი არ არის – პროჰორმონი ანუ ჰორმონის წინამორბედია!
ზოგადად, ვიტამინები საკვები ნივთიერებებია, რომლებსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ისინი კვების რაციონში. თუმცა, სხვა ვიტამენებისგან განსხვავებით, ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავება შეუძლია.
D ვიტამინის სასარგებლო ფუნქციები
ამ ვიტამინს მრავალი სასარგებლო ფუნქცია გააჩნია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, D ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება:
- ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებაში;
- ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას;
- არეგულირებს ინსულინის დონეს სისხლში, რის გამოც აუცილებელია დიაბეტის მართვისას;
- ხელს უწყობს ფილტვების ფუნქციას და გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას;
- გავლენას ახდენს კიბოს განვითარებაში მონაწილე გენების ექსპრესიაზე.
დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი და დავიწყოთ ჯანსაღი ძვლებით. სხვადასხვა კვლევებით მტკიცდება, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს კალციუმის რეგულირებასა და ფოსფორის დონის შენარჩუნებაში სისხლში. სწორედ ეს ფაქტორებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად.
- D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში რაქიტს იწვევს – ძვლების დარბილების გამო, გარეგნობა მკვეთრად და საგრძნობლად იცვლება.
ანალოგიურად, მოზრდილებში, D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება, როგორც ოსტეომალაცია ანუ ძვლების დარბილება. ოსტეომალაცია იწვევს ძვლის სიმკვრივის დაქვეითებასა და კუნთების სისუსტეს.
D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ოსტეოპოროზი გამოიწვიოს. სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით, 53 მილიონზე მეტ ადამიანს შეერთებულ შტატებში, ან ოსტეოპოროზის საფრთხე ემუქრება, ან უკვე მკურნალობს.
D ვიტამინი გრიპის რისკს ამცირებს?
2018 წელს ჩატარებული ერთ-ერთი სამედიცინო კვლევით დასტურდება, რომ D ვიტამინი ადამიანს გრიპის ვირუსისგან იცავს. თუმცა, ავტორებმა სხვა კვლევებიც განიხილეს, სადაც სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება მტკიცდებოდა.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია შემდგომი კვლევა, რათა დადასტურდეს, აქვს თუ არა დამცავი ეფექტი D ვიტამინს გრიპის ვირუსის დროს.
ჯანმრთელი ჩვილები – D ვიტამინი და კვერცხი
D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში მაღალ წნევას იწვევს. 2018 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი D ვიტამინის დაბალ დონესა და ბავშვთა არტერიების კედლების სიმტკიცეს შორის.
გარდა ამისა, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემიის (AAAAI) სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ალერგიების რისკს ზრდის. ამის მაგალითია ბავშვები, რომლებიც ეკვატორთან ახლოს ცხოვრობენ – ალერგიის გამო, ისინი საავადმყოფოში თითქმის არ ხვდებიან. მეტიც, ამ ბავშვებს არაქისზეც კი არ აქვთ ალერგია.
AAAAI-ის სპეციალისტები, ამ კვლევაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვერცხი D ვიტამინის წყაროა. ჩვილებს, რომლებმაც ექვსი თვის შემდეგ დაიწყეს კვერცხის ჭამა, უფრო მეტად განუვითარდათ კვებითი ალერგია, ვიდრე მათ, რომლებმაც კვერცხის მიღება უფრო ადრე – ოთხი-ექვსი თვის ასაკიდან დაიწყეს.
ჯანსაღი ორსულობა
2019 წლის ერთ-ერთ სამედიცინო კვლევაში, სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ ორსული ქალები, რომლებსაც D ვიტამინის დეფიციტი აქვთ, შესაძლოა, პრეეკლამფსიის განვითარებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკქვეშ აღმოჩდნენ. ამავე კვლევის მიხედვით, D ვიტამინის დეფიციტს უკავშირებენ გესტაციურ დიაბეტსა და ორსულ ქალებში ბაქტერიულ ვაგინოზსაც.
D ვიტამინის დეფიციტი
მიუხედავად იმისა, რომ სხეულს შეუძლია D ვიტამინის გამომუშავება, მის დეფიციტს სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მათ შორის, კანის ტიპი. მაგალითად, მუქი კანი ან მზისგან დამცავი საშუალებები ამცირებენ სხეულის უნარს, შეიწოვოს ულტრაიისფერი გამოსხივება – UVB. არადა, მზის სხივების შთანთქმა აუცილებელია, რათა სხეულმა D ვიტამინის გამოიმუშაოს.
- მზისგან დამცავი სხვადასხვა საშუალებები – SPF ფაქტორით, ამცირებენ ორგანიზმის უნარს, შთანთქოს D ვიტამინი.
D ვიტამინის დეფიციტი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზეცაა დამოკიდებული. კერძოდ, ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ განედის ქვეყნებში, მაღალი დაბინძურების ადგილებში ან მუშაობენ ღამის ცვლაში, D ვიტამინი საკვების სახით აუცილებლად უნდა მიიღონ.
რაც შეეხება ჩვილებს, რომლებსაც მუქი კანი აქვთ და ძუძუთი იკვბებიან, კვების რაციონში აუცილებლად უნდა დაუმატოთ D ვიტამინი – საკვები დანამატის სახით.
D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია:
- რეგულარული ავადმყოფობა ან ინფექციები;
- დაღლილობა;
- ძვლებისა და ზურგის ტკივილი;
- უხასიათობა;
- დარღვევა ჭრილობების შეხორცებისას;
- თმის ცვენა;
- კუნთების ტკივილი.
თუ D ვიტამინის დეფიციტი ხანგრძლივი დროით გრძელდება, შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს, როგორებიცაა:
- გულსისხლძარღვთა მდგომარეობის გაუარესება;
- აუტოიმუნური პრობლემები;
- ნევროლოგიური დაავადებები;
- ინფექციები;
- ორსულობის გართულებები;
- კიბოს ზოგიერთი ტიპი – მკერდის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის.
D ვიტამინის ძირითადი წყაროა:
- ცხიმიანი თევზი, როგორებიცაა ორაგული, სკუმბრია და ტუნა;
- კვერცხის გული;
- ყველი;
- ძროხის ღვიძლი;
- სოკო;
- იოგურტი;
- მარცვლეული და წვენები.