ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანიას კონფერენციით შეუერთდა

კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ, ასევე ონკოქირურგმა, მამოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მიხეილ ჯანჯალიამ და მამოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირაკლი პაპასქუამ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაციები მოამზადეს. კონფერენციის მიზანი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ თანამშრომელთა ინფორმირებულობა იყო, რაც კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე - თითოეულ კოლეგაზე ზრუნვის ფარგლებში, საკმაოდ წარმატებით განხორციელდა.

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლთა მხარდამჭერები, გადარჩენილებით ანუ დაავადებისგან განკურნებულებით აღფრთოვანებულები და მიღებული შედეგებით ამაყი ონკოლოგები არასდროს კარგავენ იმედს!

დროთა განმავლობაში, მედიცინის განვითარების კვალდაკვალ, იხვეწება და ვითარდება სიმსივნურ დაავადებასთან, კერძოდ, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის მეთოდები, მაგრამ ამის მიუხედავად, სტატისტიკური მონაცემები არც ისე სახარბიელოა.

მამოლოგმა და მედიცინის დოქტორმა ირაკლი პაპასქუამ, საკუთარი პრეზენტაცია სწორედ სტატისტიკური მონაცემების გაცნობით დაიწყო:

„ძუძუს კიბო, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში, პირველ ადგილზეა. მუდმივად იზრდება დაავადების გაახალგაზრდავების შემთხვევები, რადგან სულ უფრო ხშირად გვხვდება 40 წლამდე ასაკის ქალბატონებში. დაავადების 90%-ის შემთხვევაში, დიაგნოსტირება 40 წლის შემდეგ, მაქსიმუმ, 40-60 წლის ასაკში ხდება. ასევე, ხშირად გვხდება ძუძუს კიბო მამაკაცებში, მაგრამ მამაკაცებმა ზოგჯერ არც კი იციან, რომ არსებობს ასეთი დაავადება, რის გამოც დიაგნოსტირება და მკურნალობა უფრო გვიან სტადიაზე ხდება და ამიტომ, თერაპიული ეფექტიც სუსტია. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, 2020 წლის მონაცემებით, გამოვლენილი იყო ძუძუს კიბოს 1 600 შემთხვევა. უფრო დეტალურად, ყოველი მერვე ქალბატონი, სიცოხლის განმავლობაში, რამდენჯერმეა ძუძუს კიბოს დაავადების რისკ-ფაქტორის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი პაპასქუამ.

რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, ირაკლი პაპასქუას განმარტებით, ძუძუს კიბოს პრევენცია სკრინინგ-კვლევაა. მისი თქმით, სკრინინგული კვლევა უსიმპტომო პირთა ჯგუფის პირველადი გამოკვლევის სისტემაა, დაავადების იდენტიფიცირების მიზნით, ანუ ესაა ჯანმრთელი პოპულაციის კვლევა.

„სკრინინგული კვლევა ხდება 40-70 წლის ასაკის ქალბატონებში. იქიდან გამომდინარე, რომ ძუძუს კიბო გაახალგაზრდავებულია, სასურველია, 30 წლიდან, რეგულარულად, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ექოსკოპიური კვლევა. უნდა მივაქციოთ ყურადღება ისეთ ფონურ დაავადებებს, როგორებიცაა: მასტოპათია და კისტოზური ცვლილებები. ნებისმიერმა ქალბატონმა უნდა მიმართოს მამოლოგს 30 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მაინც. რაც შეეხება სკრინინგის პროგრამას, საქართველოში არსებობს უფასო სკრინინგ-პროგრამა, რომლის ფარგლებში, ორ წელიწადში ერთხელ. 40-70 წლის ასაკის ქალბატონებს შეუძლიათ, გაიარონ უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა. ამ პროგრამაში შედის ექოსკოპიური კვლევა და მამოლოგის კონსულტაციაც, ასევე, შეგვიძლია, გავაკეთოთ ბიოფსიური და ციტოლოგიური კვლევები“, - აღნიშნა ირაკლი პაპასქუამ.

თუ სკრინინგ-კველევის შედეგად, პაციენტს ძუძუს კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ, იწყება ხანგრძლივი და საკმაოდ ეფექტური მკურნალობა. შესაძლოა, პაციენტს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს, თუმცა დღეს, ქირურგიული მკურნალობის მეთოდებიც საკმაოდ დახვეწილია. ონკოქირურგის, მამოლოგის, მედიცინის დოქტორის მიხეილ ჯანჯალიას განცხადებით, ძუძუს კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანია, როგორც ქირურგიული მკურნალობა, ასევე - სხივური თერაპია და სისტემური მკურნალობა. მათი თანმიმდევრობა დამოკიდებულია დაავადების გავრცელებაზე, სტადიასა და ძუძუს კიბოს ბიოლოგიურ ტიპზე.

„ქირურგიული მკურნალობის დროს, ორიენტირებულები ვართ, არ გავაუარესოთ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი. ის ოპერაციები, რომლებიც ადრე ტარდებოდა, მასშტაბური იყო და იწვევდა ინვალიდობას, დღეს აღარ არსებობს, ანუ აღარ ვიყენებთ. ამოსავალი წერტილია, პაციენტს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ სიცოცხლის ხარისხი, რომელსაც ვუტარებთ მკურნალობას და არანაირად არ შევუცვალოთ წარმოდგენები საკუთარ თავზე, რომ ის ინვალიდია, არ მოვახდინოთ მისი ნამდვილი ინვალიდიზაცია, რაც შეიძლება მოხდეს მასშტაბური ოპერაციების დროს და არ გამოვთიშოთ საერთო სოციუმიდან. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა ტიპის ტექნიკები, რომლებიც ჩვეულებრივად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ვებრძვით ძუძუს კიბოს დროს. პირველ რიგში, ვებრძვით ძუძუში არსებულ კვანძს, როდესაც ოპერაცია კეთდება, ადგილობრივად გავრცელებულ ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ლიმფურ კვანძებში არსებულ მეტასტაზებს ვებრძვით, მაგრამ ადრე, ქირურგიული ოპერაციების დროს, ლიმფურ კვანძებში არსებული მეტასტაზები მაქსიმალურად უნდა მოგვეშორებინა - მაქსიმალური ლიმფოდისექცია უნდა გაგვეკეთებინა. საუბარია აქსელარულ ლიმფურ კვაძებზე ანუ იღლიის ბეჭქვეშა და ლავიწქვეშა კვანძებზე, როდესაც, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი კარგავდა ხელის კიდურის ფუნქციას და შედეგად, მათი ცხოვრების წესიც იცვლებოდა. წარმოიდგინეთ, მხატვარი, პიანისტი, ანუ ადამიანი, რომელიც ხელს ხმარობს პროფესიულად, გნებავთ, მკერავი. როდესაც ასეთ ადამიანებს მასშტაბური ოპერაციები უტარდებოდათ, ფაქტობრივად, ხდებოდნენ ინვალიდები და კარგავდნენ იმ პროფესიას, რომელიც მათ უყვარდათ“, - განმარტა მიხეილ ჯანჯალიამ.

მისი თქმით, დღეს არსებული ტექნიკის საშუალებით, ნაწილობრივი ლიმფოდისექცია კეთდება, რა დროსაც ლიმფური კვანძების მცირე ნაწილს იღებენ მარტივად და იწყებენ მათ შესწავლას. ტექნიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა მეთოდის საშუალებით, ექიმები აღმოვაჩენენ პირველად ლიმფურ კვანძებს. თუ დაავადება ზუსტად, ადგილობრივად გავრცელებულია ანუ მეტასტაზური პროცესი დაწყებულია ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში, პირველ რიგში, ზიანდება პირველი რიგის ლიმფური კვანძები.

ძუძუს კიბოს მკურნალობის მესამე მეთოდზე ანუ სისტემურ თერაპიაზე კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სისტემური თერაპია მკურნალობის განსხვავებული მეთოდია და იმიტომ ჰქვია სისტემური, რომ ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა უჯრედზე მოქმედებს.

„სისტემური თერაპია მოიაზრებს მკურნალობის რამდენიმე მეთოდს: ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და ტარგეტული თერაპიას, სხვაგვარად, დამიზნებითი თერაპიას. თავისთავად, ეს უახლესი იმუნოთერაპიაა, არსობრივად, ეს მკურნალობები ერთმანეთისგან ძალიან გასნხვავდებიან. ქიმიოთერაპიას სამიზნე არ აქვს და არც „ჭკვიან“ მკურნალობად ითვლება. ის კლავს ყველა იმ უჯრედს, რომლის გამრავლების სიჩქარე და ტემპი მაღალია. ტარგეტულ თერაპიას აქვს თავისი სამიზნე - უჯრედის ზედაპირზე არსებული ცილები, რომლებიც მოიზიდავენ ამ მედიკამენტებს, სწორედ მედიკამენტის მიერ ხდება სიმსივნური უჯრედების დაზიანება და შესაბამისად, წამლების სისტემური გვერდითი მოვლენები გაცილებით ნაკლებია ამ შემთხვევაში. რაც შეეხება იმუნოთერაპიას, ეს უკვე მკურნალობის უახლესი მეთოდია და მისი მთავარი ფუნქცია ისაა, რომ გააღვიძოს ჩვენი მიძინებული იმუნური სისტემა, რათა ჩვენივე ძალებით შევძლოთ, დაავადების დამარცხება“, - აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.

რაც შეეხება მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას, ნათია ჯოხაძის განმარტებით, სამწუხაროდ, ეს ბოლო ნაწილი - მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია ყურადღების მიღმა დარჩა. მისი თქმით, შეგვიძლია, მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია ორ ნაწილად გავყოთ: ერთია აქტიური მეთვალყურეობა, ანუ როგორ უწევენ ექიმები მეთვალყურეობას პაციენტს, რომელიც გამოაჯანმრთელეს და მეორეა უშუალო რეაბილიტაცია ანუ გვერდითი მოვლენების მართვა.

პრეზენტაციის ბოლოს, ნათია ჯოხაძემ თანამშრომლებსა და პაციენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქალბატონებს, დროულად მიმართონ სკრინინგ-ცენტრებს, რათა დროულად გაისინჯონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღმოჩნდეს დაავადება იმ სტადიაზე, როცა ის აბსოლუტურად განკურნებადი და მართვადია.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.