„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ - AHT, #55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ბარიატრიული და მინიინვაზიური განყოფილების ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კობა სახეჩიძემ სკოლის მოსწავლეებს ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა, რომელიც თბილისის #55-ე საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს - კობა სახეჩიძე, მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, დედაქალაქის სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც გეგმავს. მიზეზი ჭარბწონიანობის დაძლევაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.
- ბატონო კობა, რატომ გადაწყვიტეთ სკოლის მოსწავლეებისთვის კონფერენციის გამართვა?
- რეალურად, საკითხი დგას ასე: საჯარო სკოლებს გარკვეული პროგრამები აქვთ და სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, საკუთარ მოსწავლეებს მიაწოდონ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, ერთ-ერთი ასეთი საკითხია ჯანსაღი კვება. სწორედ, ამ თემის გამო დაგვიკავშირდნენ #55-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები და გვთხოვეს, დავხმარებოდით. გადავწყვიტეთ, ბავშვები მოგვეწია ჰოსპიტალში, დაგვეთვალიერებინა აქაურობა და თან გვესაუბრა, რა არის ჯანსაღი კვება, ან ცხოვრების ჯანსაღი სტილი. ავუხსენით, რომ ბავშვებმა საკმარისად უნდა იძინონ და სწორად იკვებონ, რათა ყოველთვის ფორმაში იყვნენ. ვინაიდან ისეთ ასაკში არიან, რომ მათი ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია, ჯანსაღ კვებას, სწორედ ახლა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჭარბწონიანობის პრობლემის დასაძლევად.
- ასეთი შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, თუ მხოლოდ ერთი კონფერენციით შემოიფარგლებით?
- დიახ, გვინდა გავაგრძელოთ, რადგან ამგვარ შეხვედრებს ორი დატვირთვა აქვს: პირველი - კიდევ ერთხელ შევახსენოთ ბავშვებს სხვა თვალით დანახულ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვების თეორია და მეორე - გვინდა, ჩვენი ჰოსპიტლის შესახებ, ცნობიერება ავამაღლოთ ქალაქში. ეს იმიტომ, რომ ამ ჰოსპიტლის მსგავსი, ქვეყანაში სხვა კლინიკა არ არის.
- ბატონო კობა, რამდენად მწვავეა ჭარბწონიანობის პრობლემა ქართველ ბავშვებსა და მოზარდებში?
- ეს პრობლემა, მსოფლიოს მასშტაბით, მწვავეა. 2025 წლისთვის, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი იქნება ისეთი ჭარბწონიანი, რომელსაც გარკვეული სახის დახმარება დასჭირდება. დიეტაზე არ მაქვს საუბარი, აქტიურ დახმარებას ვგულისხმობ. თუკი ახალგაზრდა თაობას, როდესაც მათი ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია, თავიდანვე სწორ ინფორმაციას მივაწვდით, რა თქმა უნდა, ჭარბწონიანობის საფრთხეს უკან მოვიტოვებთ.
***
ვინ უნდა მიაწოდოს ბავშვებსა და მოზარდებს ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაცია, თუ არა ექიმმა? ვინ გაუწევს მათ საჭირო და აუცილებელ რეკომენდაციებს, თუ არა პროფესიონალი სპეციალისტი? სწორედ ამიტომ, AHT-ში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეობდნენ, როგორც დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგები, ასევე, ზოგადი ქირურგი მალხაზ ჩუბინიძე - AHT-ის ბარიატრიისა და მინიინვაზიური განყოფილებიდან.
- ბატონო მალხაზ, შეგიძლიათ, რამდენიმე ძირითადი პრინციპი დაგვისახელოთ, რასაც ბავშვებმა და მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება წონის შესანარჩუნებლად?
- ჯანსაღი ცხოვრების წესს თან ახლავს გარკვეული პრინციპები, რაც ბავშვთა ასაკიდან უნდა დაიცვან, რომ არ მიაღწიონ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ექიმების დახმარება აუცილებელია. ამას ემსახურება ჩვენი შეხვედრაც - ბავშვებში თავიდანვე ვიწყებთ სწორი კვების პროპაგანდას, რომ ჯანსაღი თაობა გაიზარდოს.
რაც შეეხება პრინციპებს, სამი ძირითადი პრინციპი არსებობს: სწორი კვება; დროული ძილი და ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობები, სკოლამდელ და სკოლის პერიოდში, ტრადიციად იყო ქცეული, რაც 21-ე საუკუნეში, მაღალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. ცხადია, ეს ძალიან კარგია, თუმცა ფიზიკური აქტივობების ხარჯზე - არა!