#AHT: ჭარბი წონა და ქველმოქმედება!

ჭარბი წონა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალური პრობლემაა, რამაც 2021 წელს, პანდემიის სახე მიიღო. „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - AHT, ფუნქციონირებს ჭარბი წონის კორექციისა და მეტაბოლური ქირურგიის ცენტრი, სადაც მოგემსახურებიან პროფესიონალთა გუნდი თანამედროვე მიდგომებით, მედიცინის აკადემიური დოქტორის, კობა სახეჩიძის ხელმძღვანელობით. მისივე ხელმძღვანელობით, სამი წლის წინ, შეიქმნა ბარიატრიულ პაციენტთა ჯგუფი „დაიჯერე, რომ დაგიჯერონ!“, რომლის მიზანია პაციენტთა ცნობიერების ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და შედეგების დემონსტრირება.

- ბატონო კობა, რა მიზანს ემსახურება თქვენი ჯგუფის შეხვედრები?

- ჩვენ გვაქვს შექმნილი ბარიატრიულ პაციენტთა ჯგუფი, სადაც პერიოდულად ვხვდებით პაციენტებს, რომლებმაც უკვე გაიკეთეს ოპერაცია, ან ემზადებიან საოპერაციოდ და მოსამზადებელ პერიოდს გადიან, აგრეთვე ის პაციენტებიც, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ შეხვედრების არსია, რომ პაციენტებს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ბარიატრიული ოპერაციებისა და მკურნალობის მეთოდის შესახებ. ამასთან, პაციენტები, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს ამ ტიპის ოპერაცია, შეხვედრების ფარგლებში, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ, რომლებსაც ეს ოპერაცია დაგეგმილი აქვთ. ამგვარ შეხვედრებს ორი მიზანი აქვს: პირველი - პაციენტების განათლება და მეორე - მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რას უნდა ელოდონ ოპერაციის შემდეგ.

- ბარიატრიული პაციენტების ჯგუფში, ამ ტიპის ინფორმაციებს ცვლით ანუ ამ თემებზე ესაუბრებით პაციენტებს?

- დიახ. ჩვენ ვაკეთებთ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა არის სიმსუქნე, რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება მას, ასევე, ვსაუბრობთ იმ დაავადებებზე, რომლებსაც ჭარბი წონა იწვევს და ვაწვდით ინფორმაციას, რა შედეგის მიღებაა შესაძლებელი ბარიატრიული ოპერაციით.

გარდა ამისა, ქირურგიული ჩარევის ყველა მეთოდი ილუსტრირებულია იმისათვის, რომ პაციენტებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რომელი ტიპის ოპერაცია ესაჭიროებათ, რა ცვლილებები ხდება მათ ორგანიზმში, როგორც სტრუქტურულად, ასევე ფიზიოლოგიურად.

- თქვენს პაციენტებს ცხოვრების ახალ პირობებთან შეგუება ხომ არ უჭირთ?

- ბარიატრიულ პაციენტთა ჯგუფის შეხვედრებზე ამ საკითხებსაც განვიხილავთ. გარდა ამისა, ჩემი კოლეგებიც აქტიურად არიან ჩართული განხილვის პროცესში. ზოგადად, ჩვენი მუშაობის სტილია, ვიმეგობროთ პაციენტებთან! ბარიატრიული მიმართულება გამოირჩევა იმითაც, რომ ჩვენს პაციენტებთან სპეციფიკური მიდგომებია საჭირო.

ოპერაციის შემდეგ, როდესაც პაციენტი ეწერება კლინიკიდან, ჩვენ არ ვწყვეტთ მასთან ურთიერთობას, მეტიც, თუ თავად არ გამოდის კონტაქტზე, პერიოდულად ვუკავშირდებით და ვინტერესდებით მათი მდგომარეობით. რაც მთავარია, მათ აქვთ ჩვენი კოორდინატები. გაწერის შემდეგ, შეუძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდნენ ნებისმიერ ჩვენგანს და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

- რა შეზღუდვებს უწესებთ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ პერიოდში?

- ორი თვის განმავლობაში, მათ ეძლევათ დეტალურად გაწერილი კვების რეჟიმი, თუ ოპერაციიდან რა ვადაზე, რა რაოდენობის და რა სახის საკვები უნდა მიიღონ. ორი თვის შემდეგ, პაციენტები კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადადიან, მათ აღარ აქვთ შეზღუდვა კვების თვალსაზრისით. ამასთანავე, პაციენტი აღარ საჭიროებს შეზღუდვებს, როგორც ფიზიკური დატვირთვის, ასევე - კვების მხრივ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

- ბატონო კობა, ჯგუფის შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა გამოთქვა სურვილი, ფინანსურად დახმარებოდა სხვა პაციენტს, გვიამბეთ ამის შესახებ.

- დიახ, შეხვედრაზე, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი პაციენტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა, რომელმაც უკვე დაძლია ჭარბი წონისგან გამოწვეული მრავალი პრობლემა, გამოთქვა სურვილი, სრულად დაეფინანსებინა ამ პაციენტისთვის ბარიატრიის მოსამზადებელი კვლევები, თუმცა ვინაობის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამი წლის წინ, დავაარსეთ „ბარიატრიულ პაციენტთა საქველმოქმედო ფონდი“, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, გამოიჩინოს გულისხმიერება და მცირედით მაინც დაეხმაროს პაციენტებს.

სიკეთის კეთება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივება და სწორად მიმართვაა. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ბარიატრიულ პაციენტთა საქველმოქმედო ფონდი - „ჩვენ შენთვის!“

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.