#AHT: ახალი სიცოცხლე ყბა-სახის ოპერაციის შემდეგ!

ეს უნიკალური ოპერაცია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვანო საფარიშვილმა გააკეთა. მამაკაცი, რომელსაც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ყბა-სახის ყველა ძვალი ჩაემსხვრა და რბილი ქსოვილები დაუზიანდა, ოპერაციის შემდეგ, გამოჯანმრთელდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც დაუბრუნდა.

- ბატონო ვანო, რა ოპერაცია ჩაუტარდა მამაკაცს, რომელსაც ახალი სიცოცხლე აჩუქეთ?

- პაციენტს, რომელიც ჩვენს ჰოსპიტალში პროფესიული ტრავმით გადმოიყვანეს, სახეზე არცერთი რბილი ქსოვილი აღარ ჰქონდა, ხოლო სახის ძვლები დამსხვრეული იყო. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჰემოდინამიკაც არასტაბილური იყო, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მისი ჰემოდინამიკული მდგომარეობა დასტაბილურდა. კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, ვნახეთ, რა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ჩემს 25-წლიან პრაქტიკაში, ამ სირთულის დაზიანებები არ შემხვედრია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ, ქირურგიულად ჩავრეულიყავით, თუმცა ესეც სარისკო იყო, რადგან უფრო მეტ სისხლდენას გამოვიწვევდით...

ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა, რომლის დროსაც,სახის რბილი ქსოვილები გამოვყავით მაგარი ქსოვილებისგან, შუბლის ძვლიდან დაწყებული, სახის ძვლებით დამთავრებული - ყველა ძვალი ფირფიტებისა და ჭანჭიკების საშუალებით აღვადგინეთ, ქვედა ყბა ზედა ყბასთან ოკლუზიაში მოვიყვანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს ნორმალურად უნდა ემეტყველა და სრულფასოვანი კვებაც შეძლებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ამ ადამიანს სიცოცხლე დავუბრუნეთ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მარცხენა თვალი ადგილზევე დაკარგა, თუმცა ფიზიკურად ჯანმრთელია, მუშაობს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

- თვალის აღდგენა შეუძლებელია?

- ეს საკითხი ოფთალმოქირურგებთან ერთად გავიარეთ და ჯერჯერობით, დაკვირვებაა საჭირო. ამ ეტაპზე, თვალის კუნთები უნდა ჩაცხრეს.

- კბილები აღუდგინეთ?

- რა თქმა უნდა. პაციენტს ნაწილობრივი ადენტია აქვს, რაც ნიშნავს, რომ ტრავმის გამო, კბილები დაიკარგა, მაგრამ პირის ღრუში - ქვედა და ზედა ყბაზე, კბილების იმპლანტაცია იგეგმება. თუმცა ამასაც გარკვეული დრო სჭირდება.

- ოპერაციის შემდეგ, ამ ადამიანის გარეგნობაც ხომ არ შეიცვალა?

- არა, ძალიან მიახლოებულია თავის ძველ გარეგნობასთან. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ყბა-სახის ქირურგია იქნება ეს, ორთოპედია, თუ ნეიროქირურგია, როდესაც საქმეს პროფესიონალურად მიუდგები, დასახულ მიზანსაც მაქსიმალურად მიაღწევ. ოპერაციის შედეგმა პაციენტის მოლოდინს გადააჭარბა და აღფრთოვანება ვერ დამალა.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.