„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ კიდევ ერთი, ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ წულაძის თქმით, 36 წლის ქალბატონს, რომელსაც ოტოსკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, AHT-ში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სმენა საგრძნობლად გაუუმჯობესდა. დაახლოებით, ორ-სამ თვეში, სრული რეაბილიტაციის შემდეგ, იგივე ოპერაციას მეორე ყურზეც გაუკეთებენ.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტს 36 წლის ქალბატონმა სმენის დაქვეითების პრობლემით მიმართა. საჭირო და აუცილებელი გამოკვლევების შემდეგ, პაციენტს ოტოსკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. არჩილ წულაძე გვიხსნის, რომ ამ დაავადების დროს, სასმენი ძვლების მოძრაობა ფერხდება, რის გამოც პაციენტს უფრო მაღალი სიხშირის ბგერის მიღება სჭირდება, რომ მისმა ყურმა ბგერები აღიქვას.
„ოტოსკლეროზის დაავადების მედიკამენტოზური გზით მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ესაა მექანიკური შეფერხება, რა დროსაც შიდა ყურის საფეხე ფირფიტა ძვალდება. ერთადერთი გამოსავალია ქირურგიული ჩარევა, რაც ნიშნავს, რომ ოტოსკლეროზი განკურნებადია ოპერაციის შედეგად. ოპერაციის დროს, ფიქსაციის ადგილს პერფორირებას ვუკეთებთ ანუ ვხვრეტთ და იმ ძვალს, რომელიც არ მოძრაობს, პასიური იმპლანტით ვცვლით. იმპლანტს ვამაგრებთ ყურის იმ ძვლებზე, რომლებიც მოძრაობენ და ამით, ბგერის გატარების გზაზე, ძვლების მოძრაობას ვაუმჯობესებთ. საბოლოოდ, ბგერა უკეთ გადაეცემა, რაც პაციენტისთვის სმენის გაუმჯობესებას ნიშნავს“, - აღნიშნავს არჩილ წულაძე.
მისი თქმით, ოპერაციისას, ძირითადად, 2.5 მილიმეტრის სიგრძის იმპლანტი გამოიყენება, რომლის დიამეტრია 0.2 მმ. შესაბამისად, ეს ოპერაცია მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე აპარატურას მოითხოვს და მიკროსკოპის ქვეშ ტარდება. არჩილ წულაძის განმარტებით, განაკვეთი ყურის შიგნითაა და ოპერაციის შემდეგ, იარაც კი არ რჩება.
„დღემდე ოტოსკლეროზის, დაახლოებით, 100-მდე ოპერაცია გვაქვს ჩატარებული და ამ ხნის მანძილზე, სმენის დაკარგვის ან გაუარესების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. ოპერაციის წარმატების ხარისხი საკმაოდ მაღალია და პაციენტების 98%-ში სმენის მკვეთრი გაუმჯობესება აღინიშნება“.