„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საექთნო დეპარტამენტის მენეჯერები კახეთში, სავანეთის კომპლექსში შეიკრიბნენ. არაფორმალურ გარემოში ჩატარებული „ვორქშოფის“ მიზანი წლიური ანგარიშის განხილვა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა იყო. AHT-ის საექთნო დეპარტამენტის მენეჯერი ექთნების საანგარიშო „ვორქშოფი“ სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად, აგვისტოში, არაფორმალურ გარემოში გაიმართება.
თბილისთან ახლოს, კახეთის რეგიონში, სავანეთის ულამაზეს კომპლექსში, AHT-ის 22-მა მენეჯერმა ექთანმა, თავისი მიმართულებების მიხედვით, წლიური ანგარიში წარადგინა. AHT-ის საექთნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ია გელენიძე ამბობს, რომ „ვორქშოფის“ მთავარი მიზანი პრობლემების იდენტიფიცირება იყო, რათა მომდევნო წლის სტრატეგიულ გეგმაში აისახოს რა შესრულდა, რა ხარვეზები გამოვლინდა და როგორ გამოასწორეს ეს ხარვეზები ექთნებმა.
„ეს არის სიახლე და „ნოუ-ჰაუ“ საექთნო საქმიანობაში, რადგან ამ ეტაპზე, საექთნო ჰოსპიტალური მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა და შემდგომში ანგარიშგების მსგავსი პრაქტიკა საქართველოს არცერთ კლინიკაში არ არის დანერგილი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პაციენტები ჩვენს ჰოსპიტალში უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი პერსონალის პროფესიული განვითარება და ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორის მიხედვით, ჩვენი ეფექტურობა. ეს იყო ჩვენი ძირითადი ფოკუსი, რაზეც ავაწყვეთ შემდგომი წლის გეგმა“, - განაცხადა ია გელენიძემ.
წლიური ანგარიშის პარალელურად, განტვირთვის მიზნით, AHT-ის მენეჯერმა ექთნებმა გუნდის შექმნისა და ჩამოყალიბების გარკვეული „ვორქშოფებიც“ შეიმუშავეს. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერჯან აიილდიზი გვიხსნის, რომ განტვირთვასთან ერთად, პირველი საანგარიშო ვორქშოფი მენეჯერების ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენა-გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
„პერსონალის პროფესიული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. მენეჯერი ექთნების პირველი საანგარიშო „ვორქშოფი“, რომელიც არასამუშაო გარემოში, სავანეთის კომპლექსში გაიმართა, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მენეჯმენტის ორგანიზაციული სტრუქტურის მნიშვნელოვანი პრინციპია. წლიური ანგარიში გაცნობით ხასიათსაც ითვალისწინებდა, რადგან ჰოსპიტლისგან განსხვავებით, სულ სხვა გარემოში, ჩვენს მენეჯერ ექთნებს კარგად გაეცნოთ ერთმანეთი და გაეზიარებინათ გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საექთნო გუნდი, შემაჯამებელ „ვორქშოფსა“ და ახალი სტრატეგიული გეგმების წარდგენა-პრეზენტაციებს ყოველწლიურად განახორციელებს“, - აღნიშნა ერჯან აიილდიზმა.
ერჯან აიილდიზი გვიხსნის, რომ AHT-ის საექთნო დეპარტამენტის მენეჯერი ექთნების საანგარიშო „ვორქშოფი“ ყოველწლიურად, აგვისტოში, არაფორმალურ გარემოში გაიმართება.
ია გელენიძის განცხადებით, AHT-ის საექთნო დეპარტამენტის მენეჯერი ექთნების მთავარი მიზანია, ჰოსპიტალში საუკეთესო საექთნო პრაქტიკის განხორციელება, რათა სხვა კლინიკებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებს ღირსეული მაგალითი მისცენ.
„ბედნიერი ვიქნები, თუ შევძლებთ და სამედიცინო ბაზარს წავახალისებთ. ამასთან დაკავშირებით, ასეთი იდეა გვაქვს - ჩვენს კოლეგებს ანუ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექთნებს, ჰოსპიტალური საექთნო საქმის მართვის სტანდარტები და ის მიღწევები გავუზიაროთ, რაც უკვე გვაქვს. სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო კონფერენციასაც ვგეგმავთ, სადაც ანგარიშის სახით, ჩვენს შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ფართო საზოგადოების წინაშე წარვადგენთ. ვაპირებთ, ამ კონფერენციაზე საქართველოს რეგიონებიდან და ქალაქებიდან ლიდერი კლინიკების ხელმძღვანელი ექთნები, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიწვიოთ“, - აღნიშნა ია გელენიძემ.