#AHT: ყბა-სახის ქირურგების მიერ ჩატარებული განსაკუთრებული ოპერაცია

განსაკუთრებული ოპერაცია 26 წლის ქალბატონს „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ჩაუტარდა. ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვანო საფარიშვილი აღნიშნავს, რომ ურთულესი ოპერაცია 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ოპერაცია მაგარი სასის მხრიდან მიდგომით, დისტოპიურ (ამოუჭრელ) ეშვებზე ჩატარდა, რომლებიც გვირგვინებით წინა კბილებს აწვებოდნენ და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნიდნენ. კბილის დისტოპია ზრდაში შეჩერებას ნიშნავს მას შემდეგ, რაც მისი ამოჭრის ვადები დასრულებულია.

პაციენტი ყოფილი სპორტსმენია, ბავშვობიდან სპორტულ ტანვარჯიშზე დადიოდა, სწორედ ამის გამო, მიიღო ტრავმა ზედა ყბაზე და პირის ღრუში კბილების თანწყობა აერია. ამბობს, რომ ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ, სტომატოლოგია ისე არ იყო განვითარებული, რომ მისი პრობლემა მოგვარებილიყო. პრობლემა კი, როგორც სალომე თავად გვიამბობს, საკმაოდ სერიოზულია:

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გადავწყვიტე, ზედა ყბის დეფორმაციის პრობლემა მომეგვარებინა. ყბა-სახისა და პირის ღრუს რამდენიმე ქირურგმა უარი განმიცხადა მკურნალობაზე. მიზეზი ის იყო, რომ პირის ღრუში დისტოპიური ანუ გაწოლილი ეშვები მაქვს, ამას ემატება სიბრძნის კბილებიც, რომლებსაც იმდენად ცუდი მდებარეობა აქვთ, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვარ: შესაძლოა, წინა კბილები დავკარგო და ყბის დეფორმაციაც მივიღო. როგორც გითხარით, ყბა-სახის რამდენიმე ქირურგმა შემომთავაზა გაწოლილი ეშვების ამოღება, ოღონდ ზედა ყბის ზედა ალვეოლარული მორჩების გაკვეთით და წინა საჭრელების დაკაგვით ანუ ყველას მიდგომა ზედა ყბის ზედა მხრიდან იყო შემოთავაზებული, რაც ყველა საჭრელი კბილის დაკარგის დიდ რისკს ქმნიდა. ბოლოს, ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომ ვანო საფარიშვილისთვის მიმემართა, რომელიც ყბა-სახის ერთ-ერთი უძლიერესი ქირურგია და ასე მოვხვდი „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“, ბატონ ვანოსთან“, - გვიამბობს სალომე.

იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში, ახალგაზრდა გოგონას მაგარი სასის არეში აღენიშნებოდა დისტოპიური ეშვები, ზედა ყბა ფიზიოლოგიურ ნორმაში არ განუვითარდა. მართალია, მეტყველებისა და კვების უნარი, ასევე - ღეჭვითი ფუნქცია არ დაუკარგავს, მაგრამ რეალურად, სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა.

„ოპერაციის სირთულე გადავლახე, წინა კბილების დაკარგვისა და ყბის დეფორმაციის რისკი თავიდან ავიცილეთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ რთული იყო. მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა, მაგრამ პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრამდე, ჯერ დიდი გზა მაქვს გასავლელი - ექვს თვეში, კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდება. პირის ღრუში ძვლის დეფიციტის პრობლემა გაჩნდა და ხელოვნური ძვალი უნდა გადამინერგონ“, - ამბობს სალომე და გვიხსნის, რომ ექვსი თვის შემდეგ, პირის ღრუში დანაკარგის შევსების დრო დადგება, რისთვისაც ორთოდონტის კონსულტაცია დასჭირდება, რათა კბილების თანწყობა გასწორდეს.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვანო საფარიშვილის თქმით, ამ ოპერაციის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ შეინარჩუნეს ზედა საჭრელი ოთხივე კბილი, ზედა ალვეორალური მორჩი დატოვეს ტრავმის გარეშე და მაგარი სასის მხრიდან მიდგომით, პაციენტს ჩაუტარდა დისტოპიური ეშვების ექსტრაქცია.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.