#AHT: ვენების ვარიკოზული დაავადების გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

კვლევებმა აჩვენა, რომ ვენების ვარიკოზული დაავადება ყოველი 100 მამაკაციდან 10-20-ში, ხოლო ყოველი 100 ქალბატონიდან 25-33-ში ვითარდება. პაციენტების უმეტესობაში რაიმე ძირითადი დაავადების და აშკარა მიზეზის გარეშე ვითარდება. ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია ცხოვრების წესთან, ასაკთან და ხშირად, ორსულობასთან.

ვარიკოზული ვენები უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს სიმპტომებს ან გართულებებს, თუმცა პაციენტთა უმრავლესობისთვის ულამაზოა და წარმოადგენს კოსმეტიკურ პრობლემას. ბევრისთვის ვარიკოზული ვენები ხდება მიზეზი - კიდურები დამალონ. უარს ამბობენ მოკლე ტანისამოსის ტარებაზე და ყოველგვარ აქტივობაზე, სადაც მათი კიდურები სახალხოდ გამოჩნდება.

იშვიათ შემთხვევაში, ვხვდებით დაავადების გართულებას, რომელიც ცდება კოსმეტიკურ პრობლემას და წარმოადგენს რთულ ჰემოდინამიკურ დარღვევას. ასეთ დროს გამოხატულია კანის პიგმენტაცია, სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან, ვარიკოზის თრომბოზი და ვენური წყლული. მკურნალობა მოიცავს როგორც კონსერვატულ ისე ქირურგიულ მეთოდებს.

 

რა სიმპტომებით ხასიათდება ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები?

ვარიკოზული ვენები არის გაფართოებული, პალპირებადი კანქვეშა ვენები, რომელშიც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა. ვარიკოზული ვენები ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებში ვითარდება. ჭარბწონიან პაციენტებში ნაკლებად გამოხატულია, რადგან ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები დაფარულია კანქვეშ კარგად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილით. დაავადების ძირითადი სიმპტომებია: ქვემო კიდურების შეშუპება, ტკივილი, სიმძიმისა და წვის შეგრძნება.

 

როგორია ვენების ვარიკოზული გაგანიერების მექანიზმი?

ქვემო კიდურების ვენური სისტემა იყოფა ღრმა და ზედაპირულ ვენებად. მათი ფუნქციაა სისხლის დაბრუნება კიდურებიდან გულისკენ. ვენურ სისტემას აქვს მრავალრიცხოვანი, სარქვლოვანი აპარატი, რომლის დაზიანებაც იწვევს რეფლუქსს (სისხლის საპირისპირო მიმართულებით უკუდენას). მიჩნეულია, რომ ვენის კედელი სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგიერთ მონაკვეთში სუსტდება და თხელდება. აღნიშნული მიდამოები დროთა განმავლობაში ფართოვდება და ხდება შესამჩნევი. თუ ეს პროცესები ვითარდება ვენური სარქვლის მახლობლად, შესაძლოა სარქველი დაზიანდეს და დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ერთი მიმართულებით, რაც გამოიწვევს სისხლის შეგუბებას (ვენურ სტაზს) და გააღრმავებს ვენის გაფართოების პროცესს.

 

რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერების ძირითადი მიზეზები?

ვარიკოზული გაგანიერების ძირითადი მიზეზები შემდეგია:

  • გენეტიკური ფაქტორი;
  • ჭარბი წონა;
  • ფეხზე დგომა ან ჯდომა დიდი ხნის მანძილზე;
  • ქვემო კიდურებზე გადატანილი ტრავმები და ოპერაციები;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხანგრძლივად მოხმარება;
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • ორსულობა.

 

რა სიმპტომებით ხასიათდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება?

ვარიკოზულმა ვენებმა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით ტერფების გარშემო. კანის დაჭიმულობა და ქავილი. ჩვეულებრივ, სიმპტომები უარესდება დღის ბოლოს-განსაკუთრებით ხანგრძლივი ჯდომის ან ფეხზე დგომის შემდეგ. ზოგჯერ ვარიკოზული ვენები არის კანჭის კუნთებში ტკივილისა და კრუნჩხვის მიზეზი. თბილი ამინდი კი ხშირად მდგომარეობას აუარესებს.

ვარიკოზული ვენების ზომა ყოველთვის არ მიუთითებს სიმპტომების სიმწვავეზე. მაგალითად ვარიკოზულმა ვენებმა, რომლებიც არც ისე ცუდად გამოიყურება, შესაძლებელია გახდეს დიდი დისკომფორტის მიზეზი. მაშინ, როცა დიდი ზომის ვარიკოზული კვანძები შეიძლება განსაკუთრებული სიმპტომების გარეშე არსებობდეს.

 

რა გართულებები ახასიათებს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას?
  • ქვედა კიდურებზე კანის სიწითლე და სიმხურვალე;
  • წვივის მიდამოში კანის ფერის შეცვლა;
  • წვივის მიდამოში კანის გასქელება და გამაგრება (ლიპოდერმატოსკლეროზი).

ასევე, ვარიკოზული ვენების ერთ-ერთი გართულებაა ვენური წყლული, რომელიც პაციენტთა 3-6%-ში ვითარდება.

იშვიათად, თუმცა გვხვდება სისხლდენა ვარიკოზული კვანძიდან - ვარიკოზული კვანძის თრომბოზი ან თრომბოფლებიტი.

 

პრევენციის რა საშუალებები არსებობს?
  • იყავით აქტიური. დღის განმავლობაში იარეთ ფეხით;
  • სკამზე ჯდომისას ქვემო კიდურები სიმაღლეზე შემოაწყეთ (ე.წ. „ამერიკული“ ჯდომის მანერა);
  • ფეხსაცმელების ქუსლის სიმაღლე არ უნდა იყოს 2-4 სმ-ზე მეტი;
  • მიიღეთ კონტრასტული შხაპი ქვემო კიდურებზე - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით;
  • თავი აარიდეთ სპორტის ისეთ სახეობებს, რომელიც ფეხების ძლიერ დატვირთვას მოითხოვს;
  • თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება;
  • აკონტროლეთ წონა.

 

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების არსებობა ადვილი გამოსაცნობია, მათი ტიპური გამოვლინების გამო. ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების დიაგნოზირება ხდება ანგიოლოგთან ვიზიტით და ქვემო კიდურების ვენების დუპლექს-სკანირების ჩატარებით.

 

რა საშუალებები არსებობს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ?

ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მქონე ადამიანების ნაწილს მკურნალობა არ სჭირდება, რადგან არ აქვთ კლინიკურად გამოხატული ჩივილები. კოსმეტიკური მხარე კი ყველასთვის მნიშვნელოვანი არ არის. მკურნალობის საჭიროება შესაძლოა დადგეს რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის:

  • როდესაც ვითარდება გართულება - კანის პიგმენტაცია და გასქელება (ლიპოდერმატოსკლეროზი), რაც წარმოადგენს ვენური წყლულის წინამორბედს;
  • უკვე განვითარებული ვენური წყლული. სისხლდენა ვარიკოზული ვენიდან;
  • როდესაც გამოხატულია სიმპტომები როგორიცაა - კიდურების შეშუპება, ქავილი, სიმძიმის შეგრძნება, ადვილად დაღლა.
  • კოსმეტიკური მიზეზები

 

არსებობს მკურნალობის კონსერვატული და ქირურგიული მეთოდები

კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:

  • კომპრესიული თერაპია (ყველაზე ხშირად გამოიყენება პირველი და მეორე კლასის გეტრები. იდეალურია როდესაც გეტრის ჩაცმა ხდება დილით, ლოგინიდან ადგომამდე);
  • ვენოტონური მედიკამენტების გამოყენება.

 

ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:

მინი ინვაზიური ოპერაციული ჩარევა (რადიო სიხშირული და ლაზერით აბლაციის სახით) ლაზერითა და რადიოტალღებით აბლაცია, ანუ ვენის გაუქმება. ეს მეთოდი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და ნაკლები პოსტოპერაციული გართულებებით. პაციენტთა გააქტიურება ხდება ადრეულ ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პაციენტები მხოლოდ რამდენიმე საათს რჩებიან კლინიკაში, ოპერაციის შემდეგ კი არიან სავსებით მობილურები და შეუძლიათ, აკეთონ ნებისმიერი საქმე.

რატომ ვირჩევთ რადიოსიხშირულ აბლაციას?
  • პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულად და არის განსაკურებულად უსაფრთხო;
  • პროცედურა ხასიათდება ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის 98 პროცენტიანი წარმატებულობით;
  • უზრუნველყოფს სიმპტომების დაუყოვნებელ მოხსნას;
  • პაციენტი პროცედურის შემდეგ, მალევე ბრუნდება ფიზიკურ აქტივობას;
  • პროცედურას არ სჭირდება ზოგადი ანესთეზია და ჰოსპიტალში დაყოვნება.

 

ღია ქირურგიულ მკურნალობა - პოპულარული მეთოდია ვენის ამოკვეთაც. სამედიცინო ენაზე ამას ფლებექტომია ეწოდება. ამ ოპერაციის დროს მცირე განაკვეთებით ხდება ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ამოკვეთა. ოპერაცია საკმაოდ ეფექტურია და მის შემდეგ, პაციენტები შესანიშნავად გრძნობენ თავს. უმეტესად, ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად, ნარკოზის გარეშე და პაციენტები მხოლოდ რამდენიმე საათს რჩებიან კლინიკაში.

სკლეროთერაპია - ინსულინის წვრილი ნემსით ვენაში სპეციალური ნივთიერება შეგვყავს, რომელიც ვენის სკლეროზირებას იწვევს - დაზიანებულ ვენას ადგილობრივად წვავს. სკლეროზირებული ვენის ადგილას ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც პროცედურიდან სამ ექვს კვირაში შეუმჩნეველი ხდება. წინათ, ეს მეთოდი უმეტესად წვრილი კალიბრის ვენებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა ბოლო ხანს, მსხვილი ვენების სამკურნალოდაც მიმართავენ. ამ შემთხვევაში სრული კოსმეტიკური ეფექტის მიღწევას ესაჭიროება სამი-ოთხი თვე.

 

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.