... ერთი წლის წინ, კიდევ ერთხელ დაიფიცეს, რომ ცხოვრებას ადამიანების სამსახურს მიუძღვნიდნენ; პაციენტების ჯანმრთელობა მათი უპირველესი საზრუნავი იქნებოდა; ყველაფერს იღონებდნენ დაავადებების დასამარცხებლად; არასდროს დაარღვევდნენ ჰიპოკრატეს ფიცს, რადგან მისი შესრულებით იღებენ სიამოვნებას... დიახ, თითოეული მათგანისთვის საერთო და მნიშვნელოვანმა იდეამ ფრთები 2021 წლის 20 ოქტომბერს შეისხა და თბილისის ცენტრში, საერთაშორისო სტანდარტების „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა...
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მენეჯმენტმა თითოეული თანამშრომელი, როგორც სამედიცინო, ასევე - ადმინისტრაციული პერსონალი სასტუმრო „შერატონ მეტეხი გრანდ თბილისში“ მიიწვია და 1 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. დაუვიწყარი კორპორატიული საღამო AHT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერჯან აიილდიზმა გახსნა და ვიდრე ჰოსპიტლის ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელ ვიდეოკლიპს წარადგენდა, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რომლითაც AHT-ს გუნდი გამოირჩევა საპასუხისმგებლო საქმეში:
„როგორც იცით, ეს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია DFC-ის პროექტი გახლავთ. საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების თანადგომით, ეს პროექტი განხორციელდა - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა და დღეს უკვე 1 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. გვინდა, გამორჩეული ჰაბი ვიყოთ რეგიონში, რადგან „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ნამდვილად ქმნის საკუთარ ნიშას სამედიცინო რუკაზე“ - აღნიშნა ერჯან აიილდიზმა.
AHT-ის წვეულება არაერთი საინტერესო ნომრისა და სახალისო გათამაშებით გაგრძელდა, საღამოს კულმინაცია კი გრანდიოზული ტორტი გახლდათ, რომელიც საზეიმო ვითარებაში მთელმა გუნდმა ერთობლივად დაჭრა.