„ცოდნა, რასაც ახლა ვფლობ, შეიძლება ითქვას, შთამომავლობით მაქვს გადმოცემული,“ - ამბობს ონკო-ქირურგი, კახაბერ თოდუა, რომელიც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების მიმართულებას ხელმძღვანელობს. კახაბერ თოდუა ცნობილი ექიმების გარემოცვაში გაიზარდა. როგორც ამბობს, ძირითადი სამედიცინო განათლება მამისგან, ცნობილი ონკო-ქირურგისგან - რაიბულ თოდუასგან მიიღო. შემდეგ კი თურქეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და გერმანიის გამოცდილება დაუმატა. კახა თოდუამ სტაჟირება გაიარა საფრანგეთში, ქ. მარსელში „ნორდის“ ჰოსპიტალში, ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტში. შემდეგ კი ვაშინგტონში, ამერიკის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. კახა თოდუა ამერიკის ონკო-ქირურგთა ასოციაციის, ასევე ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის წევრია. არის ევროპის ონკო-ქირურგთა ასოციაციის წევრიც. ჩატარებული აქვს არაერთი იშვიათი ოპერაცია, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.