#AHT: რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ანუ გერდი?

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ) - წარმოადგენს კლინიკურ სიმპტომოკომპლექს, რომელიც ვითარდება კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასროლის (რეფლუქსის) შედეგად. ამჟამად გერდი მიიჩნევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ და გავრცელებულ დაავადებად მსოფლიოში, ხოლო გერდ-ის სიმპტომები აღენიშნება მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს. ყოველივე ამან განაპირობა შემდეგი ლოზუნგის წარმოშობა: “XX საუკუნე - წყლულოვანი დაავადების საუკუნე, ხოლო XXI - გერდის საუკუნე “.

გერდი განიხილება როგორც მულტიფაქტორული მოშლილობა, რომელიც გამოწვეულია მრავალი პათოგენური მექანიზმით: საყლაპავის ქვედა სფინქტერის უკმარისობა, ჰიატალური თიაქარი, კუჭის დაცლის დაყოვნება, კუჭის წვენის ჰიპერსეკრეცია, დუოდენოგასტრალური რეფლუქსი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გერდის არსებობის დროს, 80-90% შემთხვევებში ვლინდება ასევე ჰიატალური (დიაფრაგმული) თიაქარი.

გერდის განვითარების რისკ-ფაქტორები შემდეგია: სიმსუქნე, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი, ცხარე და მჟავე საკვები, მემკვიდრეობითობა.

გერდი არის პრობლემა კუჭის მჟავე წვენის მოხვედრისა არასათანადო ადგილზე!

გერდის სიმპტომები წარმოდგენილია ორ ჯგუფად: ტიპური (გულძმარვა, რეგურგიტაცია, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი) და ასევე ატიპიური (არაკარდიალური გულმკერდის ტკივილი, ჰიპერსალივაცია, ლარინგიტი, ქრონიკული ხველა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა).

გერდის ქრონიკულად მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები: საყლაპავის პეპტიური სტრუქტურა, საყლაპავის წყლული, ბარეტის საყლაპავი, სისხლდენა, ადენოკარცინომა.

გერდის გამოვლენისა და დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება: ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, საყლაპავის ქვედა აფინქტერის მანომეტრია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევა, 24-საათიანი pH-მეტრია, Helicobacter pylori-ს გამოკვლევა, ჰისტოლოგიური კვლევა.

გერდის მკურნალობა მოიცავს სამ ეტაპობრივ მიდგომას:

I – ცხოვრების სტილის შეცვლა (წონის კონტროლი, დიეტის კორექცია, თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლური სასმელის შეზღუდვა)

II – მედიკამენტური თერაპია (ანტაციდები, H2 ბლოკერები, PPI-პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები)

III – ქირურგიული მკურნალობა, რომელიც გულისხმობს ანტირეფლუქსური ოპერაციების, ე.წ. ფუნდოპლიკაციების წარმოებას ღია ან ლაპაროსკოპიული მეთოდით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ლაპაროსკოპიული Nissen-ის წესით წარმოებული ფუნდოპლიკაცია მიიჩნევა „ოქროს სტანდარტად“ და ქირურგიული მკურნალობის არჩევის მეთოდად ამ პათოლოგიის დროს, მისი ეფექტურობა შეადგენს 90-95 %-ს.

როდის უნდა მიმართოთ ქირურგს?

  • როდესაც გერდის სიმპტომები პროგრესირებს და არის შემაწუხებელი
  • როდესაც გერდის მედიკამენტური მკურნალობა არის არაეფექტური GERD is ineffective
  • როდესაც ვითარდება გერდის გართულებები GERD develop

„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ფუნქციონირებს საყლაპავის პათოლოგიების ცენტრი, რომლის უმაღლესი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდი (ენდოსკოპისტი, რადიოლოგი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი) პროფ. მერაბ კილაძის ხელმძღვანელობით გთავაზობთ მულტიდისციპლინური მიდგომით აღნიშნული პათოლოგიის კომპლექსურ დიაგნოსტიკას და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.

ვიზიტის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ „ამერიკული ჰოსპიტლი თბილისის“ ქოლცენტრს: 032 2 009 009.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.