#AHT: წარმატებული ოპერაცია AHT-ში - 19 წლის ბიჭს სმენა აღუდგა!

ეს ოპერაცია „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - AHT ჩატარდა. ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ წულაძის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ, ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, თითქმის არაფერი ესმოდა - 80-დეციბელიანი დაქვეითებით ცხოვრობდა, სმენა სრულად აღუდგა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, 19 წლის ახალგაზრდა ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და სულ მალე, იგივე ოპერაციას მეორე ყურზეც გაიკეთებს.

არჩილ წულაძე გვიხსნის, რომ არსებობს სმენის ნეიროსენსორული და კონდუქტიური დაქვეითება. სმენის კონდუქტიური დაქვეითების დროს, ნერვი წესრიგშია, მაგრამ ბგერა ნერვამდე ვერ მიდის ანუ პრობლემა „გზაშია“. ახალგაზრდა პაციენტს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, სწორედ მეორე ტიპის დარღვევა - ორმხრივი სმენის კონდუქტიური ტიპის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებოდა.

„დაახლოებით, 10 წელია, რაც ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მას სმენის მკვეთრი დაქვეითება ჰქონდა. პრობლემამ 7-8 წლის ასაკში იჩინა თავი: ჯერ მეტყველება, შემდეგ კი გონებრივი განვითარებაც შეფერხდა, თანაც, სამწუხაროდ, არასდროს უცდიათ სასმენი აპარატის გამოყენება, რაც მის შემთხვევაში, საუკეთესო ალტერნატივა იქნებოდა. ზოგადად, ვიდრე ექიმი ქირურგიულ ჩარევას გადაწყვეტს, ასეთ დროს, სმენის გასაუმჯობესებლად, სასურველია სასმენი აპარატების გამოყენება, რომელიც ბგერას აძლიერებს“, - გვიამბობს არჩილ წულაძე.

სმენადაქვეითებული ახალგაზრდა ბიჭის ახალი სიცოცხლე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ჩვეულებრივი, რუტინული ვიზიტით დაიწყო. იმის გამო, რომ ყურის ანთება - ოტიტი ჰქონდა, მშობლებმა ის ოტორინოლარინგოლოგთან, არჩილ წულაძესთან კონსულტაციაზე მიიყვანეს.

„კონსულტაციის დროს ვნახეთ, რომ პირველ რიგში, მწვავე პრობლემა უნდა გადაგვეჭრა, რადგან მას ყურის ანთება - ოტიტი ჰქონდა. ჩავუტარეთ მკურნალობა, რის შემდეგაც სმენა გამოვიკვლიეთ, რა დროსაც, ვნახეთ, რომ მარჯვენა ყურში სმენის დაქვეითება 80 დეციბელი იყო, ხოლო მარცხენა ყურში - 60 დეციბელი. რა თქმა უნდა, გადავწყვიტეთ, რომ ოპერაცია ჯერ მარჯვენა ყურზე გაგვეკეთებინა. ეს იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, ოპერაცია უფრო უარესად მსმენელ ყურზე კეთდება. მიზეზი მარტივია - ქირურგიაში არ არსებობს გარანტიები, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და გართულების შემთხვევაში, უკეთესი ყური უნდა შენარჩუნდეს. ამდენად, ერთდროულად ორივე ყურზე, არასდროს ტარდება ოპერაცია,“ - აღნიშნავს არჩილ წულაძე.

წინასწარ ცმობილი ქრონიკული პრობლემების გარდა, ახალგაზრდას დაფის აპკი და სასმენი ძვლებიც დაზიანებული ჰქონდა. ოპერაციის მსვლელობისას დადგინდა ძალიან იშვიათი, თუმცა იმავდროულად, საყურადღებო და განსაკუთრებული შემთხვევა:

„ეს იყო ტიმპანოსკლეროზი ანუ სტრუქტურების გაძვალება, რაც სასმენი ძვლების ფიქსაციას იწვევს. თავის მხრივ, ამას მოჰყვება შეფერხება სმენის გამტარ გზაზე. ოპერაციის დროს, შუა ყური ტიმპანოსკლერული ფოლაქებისგან სრულად გავათავისუფლეთ და რეალურად, ბეწვის ხიდზე გავიარეთ - დიდი რისკი იყო, რომ სითხე დაგვეკარგა და პაციენტი სრულად დაყრუებულიყო. თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე, სასმენი ძვლები ამოძრავდა და დაფის აპკიც აღვადგინეთ. ორი კვირის შემდეგ, როდესაც ნაოპერაციევი ყურიდან ტამპონი ამოვიღეთ, ასეთი შედეგი მივიღეთ - სმენის მკვეთრი დაქვეითება თითქმის სრულად აღუდგა. ამის გამო, თვითონაც გაოცდა და მისმა სახემ მიგვახვედრა, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანის ცხვორებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“.

დღეს კი, პაციენტი რეაბილიტაციი პროცესს გადის და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.