#AHT: რას წარმოადგენს ცენტრალური საინფუზიო (ქიმიო) პორტი?

საინფუზიო პორტი არის მცირე ზომის, კანქვეშ იმპლანტირებადი რეზერვუარი -თხელი სილიკონის მილით, რომელიც თავსდება ცენტრალურ ან პერიფერიულ ვენაში. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ამცირებს ქიმიოთერაპიული მედიკამენტების ხანგრძლივ ინტრავენურ მიღებასთან დაკავშირებულ გართულებებს, კერძოდ: პერიფერიული ვენების მექანიკურ დაზიანებასა და თრომბოზს, ტკივილსა და დისკომფორტს ჩხვლეტისას.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან და აქვთ რეკომენდაცია მკურნალ ექიმთა გუნდისგან, ამ მოწყობილობის იმპლანტაციას ირჩევენ. თუ ხართ დაინტერესებული საინფუზიო პორტის იმპლანტაციით, გაითვალისწინეთ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პროფესიონალ ექიმთა ჯგუფის რჩევები.

სად ხდება ქიმიო პორტის იმპლანტირება?

როგორც წესი, ქიმიო პორტი თავსდება კანქვეშ, გულმკერდის ზემო მესამედში, დიდი კალიბრის ვენების სიახლოვეს. ეს ინტრავენური (IV) კათეტერის კარგი ალტერნატივაა, რომელიც კიდურების პერიფერიულ ვენებში თავსდება (ხშირად, ინტრავენური კათეტერისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა რთულია). ქიმიო პორტი უზრუნველყოფს მედიკამენტების შეყვანის უფრო უსაფრთხო და ეფექტურ პროცესს პაციენტის მკურნალ ექიმთა გუნდისთვის, ვიდრე ინტრავენური კათეტერი. აღსანიშნია, რომ ქიმიო პორტი ძალიან მცირე ზომისაა და კანქვეშ მისი არსებობა თითქმის შეუმჩნეველია.

რა დროის განმავლობაში შეიძლება ქიმიო პორტის ორგანიზმში გაჩერება?

ინტრავენური კათეტერისგან განსხვავებით, რომელიც ყოველი თერაპიის დაწყებისას თავიდან მაგრდება, ქიმიო პორტის ვენაში გაჩერება იმდენხანს შეიძლება, რამდენსაც მთლიანი კურსი მოითხოვს - რამდენიმე კვირის, თვის თუ წლის განმავლობაშიც კი. ხოლო, როცა პორტი აღარ იქნება საჭირო, ორგანიზმიდან მას მარტივი, ამბულატორიული პროცედურით ამოიღებენ.

რა უპირატესობები აქვს ქიმიო პორტს ინტრავენურ კათეტერთან შედარებით?

გარდა იმისა, რომ პაციენტისა და მისი მკურნალი ექიმების გუნდისთვის ქიმიო პორტი მედიკამენტების მიწოდების პროცესს ამარტივებს, ინტრავენურ კათეტერთან შედარებით, ამ მოწყობილობას რამდენიმე სხვა უპირატესობაც გააჩნია:

• პორტის იმპლანტაციის ადგილის მოსამზადებლად, ტარდება სტერილიზაციური წმენდა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ნებისმიერი მიკროორგანიზმისა და ინფექციის ორგანიზმში მოხვედრის რისკს. (ინტრავენური კათეტერისთვის იყენებენ სუფთა (Clean), მაგრამ არა სტერილურ ტექნიკას);
• ასევე, პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას გადასხმისთვის, ლაბორატორიული ტესტისთვის - სისხლის ასაღებად და სხვა კვლევებისთვის (მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის);
• პორტი ამცირებს მედიკამენტების კანთან კონტაქტს და ამით გამოწვეული გაღიზიანების რისკს;
• პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე დღის განმავლობაში, მკურნალობის უზრუნველსაყოფად.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.