გსმენიათ ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) ქირურგიული მკურნალობის შესახებ? ასევე, ერითროფობიის სახის უეცარი გაწითლების მკურნალობის სტანდარტებზე? დაივიწყეთ სამუდამოდ ჭარბოფლიანობისგან გამოწვეული პრობლემები! თუ ჭარბოფლიანობა მეორადია, ეს ნიშნავს, რომ სხვა დაავადებისგანაა გამოწვეული და ეს დაავადებებია: თავის ტვინის, ფილტვების, თირკმელების ავთვისებიანი სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი, D-ვიტამინისა და კალციუმის მარილების ნაკლებობა.
გარდა ამისა, არსებობს პირველადი ჰიპერჰიდროზიც, რომელიც არაფრისგანაა გამოწვეული იმ ადგილების გარდა, სადაც აღინიშნება ჭარბოფლიანობა. ეს ადგილები, ე.წ. ტრიადაა – ხელის გულები, იღლიები და ფეხის გულები, სადაც ადგილობრივად დამოკიდებულია საოფლე ჯირკვლების მაინევრირებელი სიმპათიკური ნერვის აქტიურ მუშაობაზე.
ოფლის გამოყოფა ორგანიზმში თერმორეგულაციის პროცესს არეგულირებს. ოფლის გამოყოფა ნორმალური, ფიზიოლოგიური პროცესია და ფიზიკური დატვირთვის დროს, ნებისმიერ ჩვენგანს გამოეყოფა, თუმცა თუ არ გამოეყოფა, აუცილებლად უნდა ვეძებოთ მიზეზები.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივ, მოსვენებულ მდგომარეობაში, შემაწუხებლად ბევრი ოფლი გამოიყოფა, ეს უკვე პრობლემაა და ამ დროს, სამედიცინო ჩარევა აუცილებელია. ჭარბოფლიანობა ძალიან სტრესული დაავადებაა, რომლის დროსაც, სუიციდის შემთხვევებიც კი ფიქსირდება ხოლმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, გარდა იმისა, რომ ჭარბოფლიანობის დროს, ადამიანს კომპლექსები უჩნდება, გარკვეულწილად, მანკიერი წრე იკვრება – ელემენტარული ემოციური ფონის დროს, გამოიყოფა ოფლი, რაც ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ჰიპერჰიდროზის დროს, სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
პაციენტებმა, რომლებსაც ჭარბოფლიანობა აწუხებთ, ოპერაციამდე მკურნალობის რამდენიმე მეთოდი უნდა გაიარონ – მარტივიდან რთულამდე. მკურნალობის უმარტივესი მეთოდი ანტიპერსპირანტების გამოყენებაა, ამის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, ერთვება ფსიქოლოგი, შემდეგ ეტაპზე – პაციენტს სთავაზობენ ხელისა და ფეხის გულების, ასევე იღლიის არეში ბოტოქსის ინექციებს, რომლის ეფექტიანობაც 4-დან 6 თვემდე გრძელდება. სულ ბოლო ეტაპია ოპერაცია, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია, რადგან პაციენტების 98%-ში, რომლებიც ოპერაციას იკეთებენ, ძალიან კარგ შედეგს იღებენ.