„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ლაბორატორიას მანანა წულუკიძე ხელმძღვანელობს. ამ სფეროში 30-წლიანი გამოცდილება აქვს და ბევრი ახალი კლინიკის ლაბორატორიის აწყობის პროცესში მონაწილეობდა. სწორედ პროფესიონალიზმის გამო, 2015 წლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილური კლინიკა „Sofie Medgroup“-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელია.
მისთვის ლაბორატორია მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის - მიაჩნია, რომ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ ანალიზატორებთან და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ პროცედურებთან ერთად, უმთავრესია ადამიანური ურთიერთობები და საკუთარი გუნდისთვის მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნა. ფიქრობს, რომ ამგვარი მიდგომა საბოლოო შედეგის მიღწევის გარანტიაა. თვლის, რომ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და დარწმუნებულია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ლაბორატორია ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ დარგის განვითარებაში.
საერთაშორისო სტანდარტ JCI-ის პრინციპებზე დაყრდნობით, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისის“ ლაბორატორიაში დაცული იქნება თითოეული პაციენტისა და თანამშრომლის უსაფრთხოება. მანანა წულუკიძე არის საქართველოს და ყაზახეთის ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციების წევრი.