ართრიტის ცენტრი წარმოადგენს ერთ სივრცეში გაერთიანებულ იმ სერვისთა სრულ ნაკრებს, რომელიც შესაძლოა რევმატულ პაციენტს დასჭირდეს დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე.
ამერიკული ჰოსპიტალის ართრიტის ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალ რევმატოლოგთა გუნდით და აღჭურვილია სრულიად თანამედროვე აპარატურით, რაც სწორი დიაგნოსტიკისა და დროულად დაწყებული მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ართრიტის ცენტრი გაგიწევთ შემდეგი ტიპის მომსახურებას:
ხშირად ხდება, რომ პაციენტი უგულებელყოფს თავის ჩივილებს მანამ, სანამ აუტანელი არ გახდება, რაც ძირითადად უდროობით ან დაკავებულობით იხსნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ყველა სპეციალისტისა თუ კვლევის ერთ სივრცეში თავმოყრა, რათა პაციენტმა შეძლოს მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაიტაროს ყველა შესაბამისის კვლევა და განმეორებით ვიზიტზე გამოცხადდეს კვლევის სრული პაკეტით.
მიუხედავად იმისა, რომ რევმატული დაავადებები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში, საზოგადოებაში მათ შესახებ ცნობადობა მაინც საკმაოდ დაბალია.
მედიცინის ეს დარგი ყველაზე მეტად სახსრების ტკივილთან ასოცირდება, თუმცა ერთი შეხედვით მარტივი სიმპტომი – ტკივილი სახსარში, დაავადებათა ფართო სპექტრთანაა კავშირში, დაწყებული ჭეშმარიტი ართრიტებით, დამთავრებული აუტოიმუნური, სისტემური დაავადებებით. ყველა მათგანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თვალსაზრისით განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
ერთის მხრივ, სახსრის ტკივილი უბრალო გადატვირთვის ბრალი შეიძლება იყოს მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში ართრიტზე ან სისტემურ დაავადებაზე მიანიშნებდეს. სიმპტომთა არასწორი ინტერპრეტაცია, დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი გამოუსწორებელ ფუნქციურ შეზღუდვებთან და რიგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებთანაც კი ასოცირდება.
საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ართრიტი ზოგადი ტერმინია და ნიშნავს სახსრის ანთებას, რომელიც ვლინდება ტკივილის, შესივების, შეწითლების, ლოკალური ტემპერატურის მატებისა და მოძრაობის შეზღუდვის სახით. არსებობს ართრიტის მრავალი ფორმა, მაგალითად, რევმატოიდული, პოდაგრული, ფსორიაზული, რეაქტიული და ა.შ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ართრალგია ანუ სახსრების ტკივილი სხვა ანთების ნიშნების გარეშე, შესაძლოა თან ახლდეს ბევრ არარევმატულ დაავადებასაც, მათ შორის ენდოკრინულ, ინფექციურ და ონკოლოგიურ დაავადებებს.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, აუცლებელია სახსრის ტკივილის შეფასება ექიმი რევმატოლოგის მიერ, რათა ამ ერთი შეხედვით მარტივი სიმპტომის უკან არსებული სერიოზული დაავადება არ გამოგვრჩეს. სწორი დიაგნოსტიკითა და დროულად დაწყებული მკურნალობით კი პაციენტს შევუნარჩუნოთ სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხი.
რა არის ოსტეოართრიტი იგივე ოსტეოართროზი?
ოსტეოართრიტი ანუ ოსტეოართროზი, რომელსაც ხალხში ხშირად მარილების დაგროვებასაც უწოდებენ, სინამდვილეში სახსრების ცვეთითი, დეგენერაციული მდგომარებაა, რომლის სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
ოსტეოართროზით ყველაზე ხშირად წონის მატარებელი და შედარებით დატვირთული სახსრები ზიანდება.
ჩვეულებრივ, ძვლების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ხრტილით, რომელიც იცავს ძვლებს ხახუნისგან და უმტკივნეულო მოძრაობას უზრუნველყოფს. ასაკის მატებასთან ერთად, ხრტილები განიცდის ცვეთას, რაც აძლიერებს ხახუნს და იწვევს მექანიკურ გაღიზიანებას, რის ხარჯზეც ყალიბდება ანთება. პაციენტი ამ დროს გრძნობს სახსრის ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და შესაძლოა შესივებასაც (იხ. სურათი 1).
რა გავაკეთო რომ თავი უკეთ ვიგრძნო?
სიმპტომთა შესამსუბუქებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
შემიძლია თუ არა ბალახეული მედიკამენტების, საკვები დანამატების, ხრტილის მკვებავი წამლებისა და ვიტამინების მიღება?
არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც სახსრის სტრუქტურას გააუმჯობესებს, მათ შორის არც გლუკოზამინი და ქონდროიტინი. ასევე, არაა სასურველი რაიმე ბალახეული მედიკამენტის მიღება ექიმთან შეთანხმების გარეშე.
არსებობს თუ არა რაიმე კვებითი რეკომენდაცია და რამდენად საჭიროა სახსრების სიჯანსაღისათვის კალციუმისა და D ვიტამინის მიღება?
არ არსებობს „სახსრისათვის კარგი ან ცუდი“ საკვები პროდუქტები. რეკომენდებულია დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. კალციუმის მიღება შესაძლოა ამაგრებს ძვალს, თუმცა ის ვერ გააუმჯობესებს სახსრის სტრუქტურასა და ფუნქციას. რაც შეეხება D ვიტამინს, დეფიციტის შემთხვევაში შესაძლოა ზოგადად სახსროვანი ტკივილი გაამწვაოს, თუმცა უშუალოდ ოსტეოართროზსა და ხრტილის ცვეთაზე გავლენა არ აქვს.
არსებობს თუ არა მედიკამეტები, რომელთა მიღებაც შემიძლია?
ოსტეოართროზის შემთხვევაში, მედიკამენტები ჩვეულებრივ, მხოლოდ გამწვავებების დროს ინიშნება. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამეტები, სტეროიდის სახსარშიდა ინექცია ან ფიზიოთერაპია. მკურნალობის მეთოდი უნდა შეირჩეს ექიმი რევმატოლოგის მიერ, პაციენტის საჭიროებებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, თუმცა, მედიკამეტოზურ ნაწილზე გაცილებით მნიშნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს წონის კლებას, ვარჯიშსა და ტერფის კორექციას სწორად შერჩეული ფეხსაცმლით.
არსებობს თუ არა ართროზის ქირურგიული მკურნალობა?
ოსტეოართროზის შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტოზური თერაპია უეფექტოა და მუდმივი ტკივილისა და მოძრაობის შეზღუდვის გამო პაციენტის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად ქვეითდება, ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ სახსრის ენდოპროტეზირებაა, რეკომენდებული. ყველაზე ხშირად, ტარდება მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების ენდოპროტეზირება.
რა არის რევმატოიდული ართრიტი?
რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა.
დამახასიათებელი სიმპტომებია, სახსრების:
რა იწვევს რევმატოიდულ ართრიტს?
რევმატოიდული ართრიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, ის აუტოიმუნური ბუნებისაა ანუ სახსრებს პაციენტის საკუთარი იმუნური სისტემა ებრძვის და აზიანებს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა და რიგი გარემო ფაქტორები, რომლებიც დაავადების გამოვლინებას უწყობს ხელს. მაგალითად, თამბაქოს მოხმარება.
როგორ უნდა მივხვდე რევმატოიდული ართრიტი მაქვს თუ რომელიმე სხვა ართრიტი?
კვლევების გარეშე ამის თქმა შეუძლებელია. მხოლოდ ექიმ-რევმატოლოგს შეუძლია მიიტანოს სწორად ეჭვი რევმატოიდულ ართრიტზე.
რევმატოიდული ართრიტი იწყება ძირითადად მაჯების, მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრების დაინტერესებით. ჩვეულებრივ, ის სიმეტრიული ართრიტია ანუ აზიანებს როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს. სხვა ტიპის ართრიტების შემთხვევაში ეს ნაკლებადაა დამახასიათებელი.
რა ხდება, როცა რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობა უარესდება?
მართალია, რევმატოიდული ართრიტი იწყება წვრილი სახსრების დაზიანებით, თუმცა მას პოტენციურად ნებისმიერი სახსრის დაზიანება შეუძლია. შორს წასულ შემთხვევებში შეუქცევადადაც კი. ამასთანავე, იშვიათად რევმატოიდული ართრიტი აზიანებს სხვა ორგანოებსაც, როგორიცაა თვალი, ფილტვი, გული. სამწუხაროდ, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ვის განუვითარდება მსგავსი გართულება.
დროულად დაწყებულ მკურნალობას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს
თუ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაგისვეს, არ დაკარგოთ დრო. დაიწყეთ მკურნალობა მალე, რადგან ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა გიცავთ შემდგომი გართულებებისაგან, როგორიცაა დეფორმაციები და ფუნქციის შეზღუდვა.
რა არის რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა?
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მრავალი მედიკამენტი არსებობს, თუმცა თქვენთვის საუკეთესო უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ექიმი რევმატოლოგის მიერ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ჩვეულებრივ, მკურნალობის ვარიანტები ასე გამოიყურება:
შემიძლია თუ არა მეც რაიმეს გაკეთება იმისათვის რომ თავი ვიგრძნო უკეთ?
დიახ. იყავით აქტიური. შესაძლოა ტკივილის გამო თავს არიდებდეთ ფიზიკურ აქტივობას, რაც არასწორია, რადგან კუნთები სუსტდება და სახსრები კიდევ უფრო ადვილად ზიანდება. ვარჯიში დაგეხმარებათ სახსრების ფუნქციის შენარჩუნებაში. ფიზიკური თერაპევტი დაგეხმარებათ თქვენთვის საუკეთესო ვარჯიშების შერჩევაში.
გარდა ამისა, იკვებეთ ჯანსაღად. რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები არიან კარდიოვასკულური დაავადებების გაზრდილი რისკის მატარებელნი, ამიტომ მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
რა ვქნა თუ ორსულობას ვგეგმავ?
არ იღელვოთ, არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღება ორსულობის დროსაც დასაშვებია, თანაც ხშირ შემთხვევაში ორსულობისას რევმატოიდული ართრიტი, რემისიაში გადადის – ხდება უსიმპტომო ან მინიმალური სიმპტომატიკით ხასიათდება და მხოლოდ მშობიარობის შემდეგ მწვავდება. შესაფერისი მკურნალობის დახმარებით შესაძლებელია, მთელი ორსულობის პერიოდში ნაყოფისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა და მშობიარობის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდება ან ეფექტური მართვა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ორსულობას გეგმავთ, აუცილებლად შეუთანხმეთ მკურნალ ექიმ რევმატოლოგს. ზოგიერთი მედიკამენტი ნაყოფისათვის საზიანოა მაშინაც კი, თუ ორსულობის დადგომისთანავე შეწყვეტთ. ამიტომ ყოველი ორსულობა უნდა დაიგეგმოს რევმატოლოგთან შეთანხმებით.
რა არის ფსორიაზული ართრიტი?
ფსორიაზული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა და ართრიტის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შესივებასა და მოძრაობის შეზღუდვას. ძირითადად გვხვდება იმ ადამიანებში, ვისაც ან თავად აქვს კანის ფსორიაზი ან მის ახლო ნათესავებს.
კანის ფსორიაზული ბალთა წითელი ფერისაა და დაფარულია მოვერცხლისფრო ქერქით, რომელიც ადვილად იქერცლება (იხ. სურათი 1, 2). ფსორიაზმა გარდა კანისა შესაძლოა დააზიანოს ფრჩხილებიც (იხ. სურათი 3). ფსორიაზის ან ფსორიაზული ართრიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
რა არის ფსორიაზული ართრიტის სიმპტომები?
ფსორიაზული ართრიტი იწვევს ტკივილს, შესივებასა და მოძრაობის შეზღუდვას. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დააზიანოს ხერხემალიც. შებოჭილობა აღმოცენდება დილის საათებში, ჩვეულებრივ გრძელდება >30 წთ-ზე და უმჯობესდება მოძრაობასთან ერთად.
გარდა სახსრის ტკივილისა, პაციენტს დამატებით შესაძლოა აღენიშნებოდეს:
არსებობს თუ არა ფსორიაზული ართრიტის სადიაგნოსტიკო ტესტები?
ფსორიაზული ართრიტის სადიაგნოსტიკო სპეციფიკური ლაბორატორიული მარკერი არ არსებობს. დიაგნოზის დასმა კლინიკური სიმპტომებისა და გარკვეული გამოკვლევების შედეგების გაანალიზების საფუძველზე ხდება.
შესაძლებელია თუ არა ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა?
ფსორიაზული ართრიტის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომელთა დახმარებით დაავადება სრულად მართვადია:
შემიძლია თუ არა საკუთარი ძალებით დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესება?
დიახ. ნებისმიერი ართრიტის დროს მნიშვნელოვანია იყოთ აქტიური, რათა კუნთოვანი სისტემა არ მოდუნდეს. დილით დრო დაუთმეთ მსუბუქ ვარჯიშსა და შეეცადეთ კვირის უმეტესი ნაწილი იყოთ ფიზიკურად აქტიური.
რა არის პოდაგრა?
პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იწვევს ძირითადად ერთი სახსრის ტკივილსა და შესივებას. კლასიკურად ესაა ტერფის დიდი თითის სახსარი. პოდაგრა ძირითადად უვითარდებათ მამაკაცებს და იშვიათად მენოპაუზაში მყოფ ქალბატონებს.
პოდაგრული ართრიტი გვხვდება იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლში შარდმჟავას მაღალი შემცველობა აქვთ. შარდმჟავა ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება გარკვეული საკვები პროდუქტების დაშლის შედეგად. შარდმჟავა წარმოქმნის ნემსის ფორმის კრისტალებს, რომლებიც აკუმულირდება სახსარში და იწვევს ტკივილს. შარდმჟავა კრისტალებმა შესაძლოა წარმოქმნან კენჭებიც თირკმელში, რაც იწვევს ასევე, ტკივილს და შარდის გამოყოფის შეფერხებას.
რა სიმპტომებით ხასიათდება პოდაგრის გამწვავება/შეტევა?
კლასიკურად, პოდაგრის შეტევა ხასიათდება ძირითადად, ტერფის პირველი დიდი თითის, კოჭ-წვივის ან მუხლის სახსრის მწვავე ტკივილით, შესივებითა და შეწითლებით. ჩვეულებრივ, შეტევა მხოლოდ ერთ სახსარს მოიცავს და ღამის საათებში იწყება. ტკივილი შესაძლოა იყოს ძალიან ძლიერი. სიმპტომები თანდათანობით უმჯობესდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, თუმცა ბოლომდე ახსნილი არაა როგორ ახერხებს ორგანიზმი შეტევის „გამორთვას“.
არსებობს თუ არა პოდაგრის სადიაგნოსტიკო მეთოდები?
დიახ. შესაძლებელია, მტკივნეული სახსრიდან სინოვიური სითხის ამოღება და მიკროსკოპიის ჩატარება. ნემსის ფორმის კრისტალების არსებობის შემთხვევაში, პოდაგრის დიაგნოზი დასტურდება.
დიაგნოზის დასმა შესაძლებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებითაც:
როგორ მკუნრალობენ პოდაგრას?
არსებობს სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტი, რომელთაც შეუძლიათ ანთებაზე (ტკივილი, შესივება) გავლენის მოხდენა. თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შესაბამისი დოზით უნდა შეირჩეს ექიმი რევმატოლოგის მიერ ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომრეობისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით.
პოდაგრული ართრიტის გამწვავებათა სამკურნალოდ გამოიყენება:
არსებობს თუ არა პოდაგრული შეტევების პრევენცია?
დიახ, არსებობს. იმ პაციენტთა უმრავლესობა, რომელთაც აქვთ ხშირი შეტევები, საჭიროებენ არა მხოლოდ გამწვავებების მკურნალობას, არამედ შარდმჟავა დამაქვეითებელ თერაპიასაც.
საქართველოში ხელმისაწვდომი შარდმჟავა დამაქვეითებელი მედიკამენტებია: ალოპურინოლი და ფებუქსოსტატი.
შარდმჟავა დამაქვეითებელმა თერაპიამ შესაძლოა, თავდაპირველად გამწვავებები პირიქით გაახშიროს კიდეც, ამიტომ მასთან ერთად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, კოლხიცინი, რაც ხშირი გამწვავებების ალბათობას ამცირებს, მანამ სამამ შარდმჟავას სამიზნე კონცენტრაციას მივაღწევთ. აუცილებელია, სისხლში შარმჟავას კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი.
შემიძლია თუ არა საკუთარი ძალებით პოდაგრის პრევენცია?
დიახ. მაგალითად, ჭარბი წონა პოდაგრის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. ამიტომ თუკი ჭარბწონიანი ხართ, შეგიძლიათ წონის კლებით პოდაგრის განვითარების რისკებიც შეამციროთ.
ასევე, გარკვეული ტიპის საკვების შეზღუდვა კვებით რაციონში მკვეთრად აქვეითებს პოდაგრის განვითარების რისკებს (იხ.ცხრილი1)
მნიშვნელოვანია, ტკბილი გაზიანი სასმელების აკრძალვა და წყლის საჭირო რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში, რადგან დეჰიდრატაცია ასევე, ხელს უწყობს პოდაგრის განვითარებას.
პოდაგრის მქონე პაციენტთა უმრავლესობას აქვს სხვა დაავადებებიც, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე და ა.შ. მათი მოწესრიგება, ირიბად პოდაგრის შეტევათა პრევენციასაც ახდენს.
რა არის ოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელიც იწვევს ძვლის სიმტკიცის დაქვეითებას. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ადვილად უვითარდებათ მოტეხილობები. თუნდაც სახლში უბრალო წაქცევის დროს.
მოტეხილობა შესაძლოა იყოს სერიოზული, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბარძაყის ძვალს. ამგვარმა დაზიანებამ შესაძლოა მომავალში შეზღუდოს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი. მრავალი ასეთი პაციენტი მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებს დახმარებას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია მოტეხილობის თავიდან არიდება.
როგორ გავიგო მაქვს თუ არა ოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი უსიმპტომოა მანამ, სანამ მოტეხილობას არ გამოიწვევს. ამიტომ მისი აღმოჩენა მხოლოდ მიზანმიმართული კვლევითაა შესაძლებელი. დიაგნოსტირების საუკეთესო საშუალებაა ოსტეოდენსიტომეტრია DXA ტესტი, რომელიც რენტგენოგრაფიის სპეციფიურ ტიპს წარმოადგენს.
ექსპერტთა აზრით ძვლის გაოკვლევა რეკომენდებულია 65 წელს გადაცილებულ ქალბატონებში, რადგან ეს ასაკობრივი კატეგორია მიეკუთვნება დაავადების ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა კვლვის ჩატარებას საჭიროებდეს სხვა ასაკის პაციენტებიც. ეს საკითხი შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან.
პაციენტთა ნაწილი ოსტეოპოროზის შესახებ იგებს, მცირე ტრავმაზე მოტეხილობის განვითარების შემდეგ. ასეთ მოტეხილობას სიმყიფით გამოწვეული პათოლოგიური მოტეხილობა ეწოდება, რადგან მსგავს სიტუაციებში ჯანმრთელ ადამიანებს მოტეხილობები არ უნდა უვითარდებოდეთ. ერთი მოტეხილობა, ახალი მოტეხილობების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს.
რა უნდა გავაკეთო, რომ ჯანმრთელი ძვლები შევინარჩუნო?
მაქსიმალურად შეეცადეთ არ დაეცეთ!
მარტივად ჟღერს, თუმცა ძალიან მნიშნელოვანია, რადგან დაცემათა თავიდან არიდებით ბევრი მოტეხილობის პრევენციაა შესაძლებელი. ამისათვის.
შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზის მკურნალობა?
დიახ, არსებობს ანტიოსტეოპოროზული წამლები. ეს მედიკამენtები ამცირებს მოტეხილობათა რისკს.
ჩვეულებრივ, პირველი რიგის წამლებია ბისფოსფონატები, თუმცა თუ მათი დანიშვნა შეუძლებელია გვერდითი მოვლენების და/ან უკუჩვენებების გამო ან პაციენტისათვის საკმარისი არაა, არსებობს სხვა მედიკამენტებიც.
როგორ უნდა მივხვდე, რომ მკურნალობას შედეგი აქვს?
რადგან ოსტეოპოროზი უსიმპტომო დაავადებაა, მკურნალობის ეფექტურობის გადამოწმების ერთადერთი გზა განმეორებითი ოსტეოდენსიტომეტრიის ჩატარებაა. ზოგჯერ, დამატებით სისხლისა და შარდის ანალიზებიცაა საჭირო.
ცხრილი 1
საკვები პროდუქტი | კალციუმის შემცველობა (მგ) |
რძე (მოხდილი 2% 240 მლ) | 300 |
იოგურტი (168 გ) | 250 |
ფორთოხლის წვენი (კალციუმის დანამატით 240 მლ) | 300 |
ყველი (28 გ) | 195-335 (რაც უფრო მაგარია ყველი, მით მეტ კალციუმს შეიცავს) |
ხაჭო (1/2 ჭიქა, 113 გ) | 130 |
ნაყინი ან იოგურტი (1/2 ჭიქა, 113 გ) | 100 |
რძის შემცვლელი (სოიოს, შვრიის, ნუშის) 240 მლ | 300-450 |
ლობიო (1/2 ჭიქა მომზადებული, 113 გ) | 60-80 |
მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული ლობიო (1/2 ჭიქა მომზადებული, 113 გ) | 50-135 |
ნუში (24 ცალი) | 70 |
ფორთოხალი (1 ცალი საშუალო ზომის) | 60 |
რომელი დაავადებების მქონე პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ ართრიტის ცენტრს?
ნებისმიერი სახსროვანი ტკივილით შეგიძლიათ მიმართოთ ართრიტის ცენტრს.
ჩვენ ვმართავთ ნებისმიერი გენეზის ართრიტს, მათ შორის:
რა სერვისებს სთავაზობს ართრიტის ცენტრი პაციენტებს?
შევძლებ თუ არა, რომ ერთი ვიზიტის ფარგლებში განმესაზღვროს დიაგნოზი და დავიწყო შესაბამისი მკურნალობა?
ამ კითხვას ცალსახა პასუხი არ აქვს. გააჩნია რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. რიგ შემთხვევებში მინიმალური რაოდენობით კვლევები საკმარისია სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის შესარჩევად. ასეთ დროს, ცხადია, ერთი ვიზიტი სრულიად საკმარისია, თუმცა არსებობს უფრო კომპლექსური მდგომარეობები, როცა სწორი დიაგნოზის დასასმელად კვლევათა ფართო სპექტრი ან რამდენიმე ეტაპია ჩასატარებელი. ასეთ შემთხვევებში სიჩქარე პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ. სჯობს სრულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და შემდეგ დაგეგმოთ განმეორებითი ვიზიტი ექიმთან.
რატომ უნდა ავირჩიოთ ართრიტის ცენტრი?
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.