#AHT: უნიკალური ოპერაცია AHT-ის საყლაპავის პათოლოგიების ცენტრში

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ კილაძემ უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. პაციენტს საყლაპავი მილის სამი მეოთხედი და კუჭი მოკვეთეს, კუჭიდან ხელოვნური საყლაპავი მილი გააკეთეს და მიაკერეს დარჩენილი საყლაპავის ნაწილს.

🩺ეს გახლავთ მასშტაბური ოპერაცია - „სუბტოტალური ეზოფაგექტომია და ეზოფაგოგასტროპლასტიკა“. პროფესორ მერაბ კილაძის თქმით, მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში, ამ სიმძიმისა და სირთულის სულ ხუთიოდე ოპერაციაა აღწერილი - საყლაპავზე განვითარებული იატროგენური დაზიანების და სტენტის ჩასმის შემდეგ.

ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც 58 წლის ბათუმელ მამაკაცს საყლაპავის აქალაზია ანუ საყლაპავის ქვემო მესამედის შევიწროება დაემართა, რის გამოც ყლაპვა უჭირდა. მას თურქეთში საყლაპავის დილატაცია ანუ გაგანიერებაც ჩაეტარებინა. ამ პროცედურის დროს, პაციენტს იატროგენული დაზიანება განუვითარდა და საყლაპავი გაუსკდა. მეორე დღიდან განუვითარდა მედიასტენიტი ანუ უკანა შუა საყარის ანთება, რასაც ახლდა მაღალი სიცხე, შეშუპება, ტკივილი, კანკალი. პროცესი საყლაპავში მეტალის სტენტის ჩადგმით დასრულდა, რომელიც საყლაპავში ჩაიზარდა, რამაც გამოიწვია ეროზიები, დაწყლულება და ანთებითი პროცესები. 

სამწუხაროდ, პაციენტი კვლავ იმ პრობლემის წინაშე დადგა, რითაც მკურნალობა დაიწყო - ყლაპვა ისევ გაუჭირდა. მართალია, თურქი ექიმები ეცადნენ სტენტის ამოღებას, მაგრამ იმის გამო, რომ ჩაზრდილი იყო საყლაპავში, ვერ შეძლეს. 

ამის შემდეგ, 58 წლის მამაკაცი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მერაბ კილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა საჭირო კვლევის შემდეგ, უნიკალური და მასშტაბური ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და არც ყლაპვა უჭირს.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.