სიმსივნის დიაგნოზით ცხოვრება სტრესული და მძიმეა. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT ონკოლოგიური დეპარტამენტის პროფესიონალ მედიკოსთა გუნდმა ონკოპაციენტებისთვის სპეციალური გზამკვლევი შექმნა. ესაა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურადაა ასახული ინფორმაცია ონკოლოგიურ დაავადებებზე, მკურნალობის მეთოდებზე, სიმპტომების მართვასა და მზუნველობაზე სახლის პირობებში. ამავე გზამკვლევის საშუალებით, გაეცნობით ყველა საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას COVID-19-ის. მართალია, გზამკვლევი უამრავ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციას ვერ ჩაანაცვლებს!
რა არის COVID-19?
ეს არის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, რომელიც პირველად გამოვლინდა 2019 წლის დეკემბერში, ვუჰანში, ჩინეთის ეპიდემიის დროს. კორონავირუსები ვირუსების დიდი ოჯახია, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როგორც მსუბუქი დაავადება – ჩვეულებრივი გაციება, ასევე უფრო მძიმე, მაგალითად, მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და ახლი აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS). ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში, მუტაციის გზით, ვირუსები იცვლიან ბუნებას. დღეისთვის გამოვლენილია SARS-COV-2 ვირუსის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, ვირუსის „დელტა“ და Omicron შტამები.
ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი შეიძლება გავრცელდეს წვეთოვანი და კონტაქტური გზით – მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ცხვირიდან ან პირიდან პატარა წვეთებით, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით; დახურულ სივრცეში, ვირუსის ნაწილაკები შეიძლება დარჩეს ჰაერში რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე და შეიძლება დააინფიციროს ადამიანები 2 მეტრზე მეტ მანძილზე.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და ვაქცინაცია კორონავირუსის დროს
თუ თქვენ დაგიდასტურდათ COVID-19, ამის შესახებ, პირველ რიგში, აცნობეთ მკურნალ ექიმს! ვირუსით ინფიცირების აქტიურ ფაზაში, მკურნალობა დროებით შეჩერდება! მკურნალობა შესაძლებელია აღდგეს იზოლაციის დასრულებიდან, საშუალოდ, ორ კვირაში, თუ თქვენი ზოგადი მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. გახსოვდეთ, გადაწყვეტილებას მკურნალობის აღდგენის შესახებ იღებს მკურნალი ექიმი!
ზოგიერთი მკურნალობა, მაგალითად, ჰორმონოთერაპია, რომელიც არ თრგუნავს იმუნურ სისტემას, შეიძლება გაგრძელდეს COVID-ინფიცირების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ არ გაქვთ, ან გაქვთ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! არსებობს ვაქცინები, რომლებიც რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს და ისეთი ვაქცინებიც, რომლებიც არ არის რეკომენდებული, მაგალითად, ცოცხალი ვირუსის ვაქცინა! COVID-19-ის ვაქცინა არ არის ცოცხალი ვირუსის ვაქცინა და ავტორიზებულია FDA (ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს) მიერ ონკლოგიურ პაციენტებში, რომლებიც ამჟამად იტარებენ აქტიურ მკურნალობას, მათ შორის, ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიას; იმყოფებიან პასიური მკურნალობის (ჰორმონოთთერაპია) ან მეთვალყურეობის რეჟიმში.
საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ პაციენტებში, რომლებიც ამ მომენტში ებრძვიან ონკოლოგიურ დაავადებას, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და სიკვდილობის რისკი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში; ამ მაღალი რისკის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა გეგმიური ვაქცინაცია!
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, COVID-ის სხვადასხვა ვაქცინა გამოიყენება. საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინებია: პფაიზერ-ბიონტექის მ-რნმ ვაქცინა (Pfizer-Biontech); ასტრაზენეკას ვექტორული ვაქცინა (AstraZeneca); სინოფარმის ინაქტივირებული ვაქცინა (Sinopharm); სინოვაკის ინაქტივირებული ვაქცინა (Sinovac).
რეგულაციები AHT-ში ვიზიტის დროს
COVID-19-ის პანდემიის დროს, ინფიცირების მაღალი რისკის გამო, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ მოქმედებს გარკვეული ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები:
- თითო პაციენტზე კლინიკაში დაიშვება მხოლოდ ერთი თანმხლები პირი;
- ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება სავალდებულოა;
- ქიმიოთერაპიის ყოველი კურსის წინ, სავალდებულოა COVID-19-ის PCR, ან ანტიგენის უარყოფითი ტესტის წარდგენა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების პერიოდებში პაციენტების კლინიკაში მომართვის განრიგი შესაძლოა დროებით შეიცვალოს.
პაციენტებთან, რომლებიც იმყოფებიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე, დასაშვებია მკურნალობის დროებით შეჩერება!
ბიომოდიფიკატორებით მკურნალობის შემთხვევაში (Zometa, X-Geva), შესაძლებელია ინფუზიის ინტერვალის გაზრდა; ზოგიერთ შემთხვევაში, კლინიკაში ვიზიტების შემცირების მიზნით, მედიკამენტის ინტრავენური ინფუზია იცვლება იმავე წამლის პერორალური მიღებით; დინამიური მეთვალყურეობის რეჟიმში მყოფი პაციენტებისთვის, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, გაიზარდის კვლევებს შორის ინტერვალი.