#AHT: ფარისებრი ჯირკვლის კიბო - სიმპტომები, მიზეზები და პრევენცია

ზოგადი მიმოხილვა

ფარისებრი ჯირკვლის კიბო გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში - კისრის ძირში არსებულ პატარა ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ გულისცემას, არტერიულ წნევას, სხეულის ტემპერატურასა და წონას.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად, როდესაც ჯირკვალი იზრდება, ისეთი სიმპტომები ვლინდება, როგორებიცაა ტკივილი და შეშუპება კისრის არეში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რამდენიმე სახეობა არსებობს. ზოგი ძალიან ნელა იზრდება, ზოგი პირიქით - შესაძლოა, ძალიან აგრესიული იყოს. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების უმეტესობა განკურნებადია ოპერაციული ჩარევის გარეშე.

სტატისტიკურად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიხშირე მზარდია. დიდწილად, ეს თანამედროვე დიაგნოსტიკურ საშუალებებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მცირე ზომის კიბოსაც კი ავლენენ, რაც შესაძლოა, წარსულში არც კი აღმოჩენილიყო.

სიმპტომები 

ჩვეულებრივ, საწყის ეტაპზე, ფარისებრი ჯირკვლის კიბო უსიმპტომოდ და გარკვეული ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, სიმსივნური ჯირკვლის ზრდის პროცესში, შემდეგი სიმპტომები ვლინდება:

  • კვანძი, რომელსაც კისერზე, კანქვეშ გრძნობთ;
  • ცვლილებები ხმის ტემბრში, ხმის ჩახლეჩვა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • კისრისა და ყელის ტკივილი;
  • შეშუპებული ლიმფური კვანძები კისერზე.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, დაუყოვნებლივ დანიშნეთ ვიზიტი ენდოკრინოლოგთან.

გამომწვევი მიზეზები

უცნობია, რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, მაგრამ ვითარდება მაშინ, როდესაც მისი უჯრედები განიცდიან პერმანენტულ გენეტიკურ ცვლილებებს - მუტაციებს. მუტაციები უჯრედს უკონტროლოდ და სწრაფად გამრავლების საშუალებას აძლევენ. გარდა ამისა, ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით, გადაგვარებული უჯრედები პროგრამირებული სიკვდილის უნარს კარგავენ. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური უჯრედების დაგროვება სიმსივნეს აყალიბებს. პათოლოგიური უჯრედები აღწევენ მიმდებარე ქსოვილში და მეტასტაზების საშუალებით, შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებშიც გავრცელდნენ.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სახეობები

ფარისებრი ჯირკვლის კიბო, სიმსივნეში ნაპოვნი უჯრედების ტიპების მიხედვით, სახეობებად იყოფა. კიბოს ტიპი განისაზღვრება მაშინ, როდესაც სიმსივნური ქსოვილის ნიმუშს მიკროსკოპულად გამოიკვლევენ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სახეობოს დადგენა მნიშვნელოვანია მკურნალობისა და პროგნოზირებისთვის. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სახეობებია:

  • ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა, პაპილარული ფარისებრი კიბო წარმოიქმნება ფოლიკულური უჯრედებიდან, რომლებიც გამოიმუშავებენ და ინახავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად, 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში გვხვდება. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ და ფოლიკულურ კიბოს ექიმები აერთიანებენ და დიფერენცირებულ კიბოს უწოდებენ.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბო - ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბოც ფოლიკულური უჯრედებიდან წარმოიქმნება. ჩვეულებრივ, კიბოს ეს სახეობა 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ვრცელდება. ჰერტლეს უჯრედის კიბო ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბოს იშვიათი და პოტენციურად უფრო აგრესიული სახეობაა.
  • ფარისებრი ჯირკვლის ანაპლასტიკური კიბო - ფარისებრი ჯირკვლის ანაპლასტიკური კიბო იშვიათი სახეობაა, რომელიც ფოლიკულურ უჯრედებში იწყება. ის სწრაფად იზრდება და მკურნალობაც საკმაოდ რთულია. ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვლის ანაპლასტიკური კიბო 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში გვხვდება.
  • ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო - ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო იწყება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებში, რომლებიც ჰორმონ კალციტონინს ქმნიან. სისხლში კალციტონინის მომატებული დონე შეიძლება მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს ადრეულ სტადიაზე. ზოგიერთი გენეტიკური სინდრომი ზრდის ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს რისკს, თუმცა ასეთი გენეტიკური კავშირი იშვიათია.
  • სხვა იშვიათი სახეობები - იშვიათი სიმსივნეები, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალში ვითარდებიან, შესაძლოა, ლიმფომა და სარკომა იყოს. ლიმფომა - ფარისებრი ჯირკვლის იმუნური უჯრედებიდან, ხოლო სარკომა - ფარისებრი ჯირკვლის შემაერთებელი ქსოვილიდან ვითარდება.

რისკ-ფაქტორები

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • მდედრობითი სქესი - ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში;
  • რადიაციის მაღალი დონის ზემოქმედება - თავისა და კისრის რადიაციული თერაპია ზრდის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკს;
  • გარკვეული მემკვიდრეობითი გენეტიკური სინდრომი - გენეტიკური სინდრომები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკს ზრდიან, მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს მემკვიდრეობით ფორმას, მრავლობით ენდოკრინულ ნეოპლაზიას, კაუდენის სინდრომსა და ოჯახურ ადენომატოზურ პოლიპოზს.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივი

მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის კიბო ისევ განვითარდეს. მეტიც, გამორიცხული არაა, განმეორდეს მაშინაც კი, თუ ფარისებრი ჯირკვალი ამოკვეთილია. რეციდივი იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ მის ამოკვეთამდე, კიბოს მიკროსკოპული უჯრედები ფარისებრი ჯირკვლის მიღმა გავრცელდებიან.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეიძლება განმეორდეს:

  • კისრის ლიმფურ კვანძებში;
  • ოპერაციის დროს დარჩენილი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მცირე ნაწილში;
  • სხეულის სხვა უბნებში, როგორებიცაა ფილტვები და ძვლები.

ფარისებრი ჯირკვლის განმეორებადი კიბო განკურნებადია. შეიძლება, პერიოდულად, ექიმმა სისხლის ანალიზი ან კიბოს რეციდივის ნიშნების შესამოწმებლად, ფარისებრი ჯირკვლის სკანირება გირჩიოთ.

პრევენცია

ექიმებმა დაზუსტებით არ იციან, რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების უმეტესობას, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრევენციის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს იმ ადამიანებში, რომლებიც ამ დაავადების საშუალო რისკ-ჯგუფში იმყოფებიან.

პრევენცია მაღალ რისკ-ჯგუფში

მოზრდილებსა და ბავშვებში, რომლებსაც მემკვიდრეობითი გენის მუტაცია აქვთ, რაც ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს რისკს ზრდის, კიბოს თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია - პროფილაქტიკური თირეოიდექტომია განიხილონ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკის შესამცირებლად, ნებისმიერი ვარიანტის შესახებ გენეტიკურ მრჩეველთან იმსჯელეთ, რომელიც კიბოს რისკსა და მკურნალობის თქვენს ვარიანტებს გაგაცნობთ.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.