დარგის წარმოშობა
უკანასკნელ ათწლეულში მედიცინაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სიმსივნესთან ბრძოლა დღემდე რჩება მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. თანამედროვე ტექნოლოგიების და მკურნალობის მეთოდების დამსახურებით კიბო მართალია რჩება მძიმე დიაგნოზად, მაგრამ დროული გამოვლენის შემთხვევაში აღარ არის განაჩენი. ონკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი მეცნიერებაა და სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიები წლიდან წლამდე სულ უფრო შედეგიანი ხდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დრეისთვის არსებული მკურნალობის მეთოდები კვლავ რთულად გადატანადი და ინტენსიურია. მაგალითად, ქიმიოთერაპიას, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ხშირად თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები და გართულებები. ზოგჯერ ჩატარებული მკურნალობა სხვა დაავადების მიზეზიც შეიძლება გახდეს. სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიების შედეგად, არც თუ იშვიათად ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. კარდიოლოგიური გართულებები სიმსივნური დაავადებისგან გადარჩენილთა სიკვდილიანობის ერთ -ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იქცა. ამიტომ, კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებული ტოქსიკურობის ადრეული გამოვლენა ონკოლოგებისა და კარდიოლოგების კლინიკური საზრუნავია, რამაც ხელი შეუწყო კარდიო-ონკოლოგიის დისციპლინის ჩამოყალიბებას. კარდიო-ონკოლოგია ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა და ბევრ ქვეყანაში კარდიოლოგიის ოფიციალური ქვესპეციალობა გახდა.
კარდიო-ონკოლოგია - მულტიდისციპლინარული მეთოდი
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დადებითი შედეგები ყოველწლიურად იმატებს, რაც დაავადების მულტიდისციპლინარული მარტვის დიდი დამსახურებაა. ეს მეთოდი გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივ ჩართულობას დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. კარდიო-ონკოლოგიაც მულტიდისციპლინარული დარგია, რომელიც აერთიანებს ონკოლოგებს, კარდიოლოგებს და ჰემატოლოგებს. შესაბამისად, კარდიო-ონკოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ღია დისკუსიების ხელშეწყობა გუნდის წევრებს შორის, პროფესიონალიზმის და პასუხისმგებლობის გაზიარების მიზნით. ამ მიმართულების შექმნის მთავარი მიზანია მულტიდისციპლინარული მეთოდის ოპტიმიზაცია და პაციენტების სწორი მენეჯმენტი. სპეციალისტების გუნდური მუშაობის შედეგად ჩვენ ვიღებთ სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებულ კოორდინაციას, გამარტივებულ კვლევებს, თანამშრომლობას, მეტ პროფესიონალიზმს, შემცირებულ დანახარჯებს, მუდმივ უკუკავშირს, რაც წარმოადგენს პაციენტზე ორიენტირებული მომსახურებისა და მზრუნველობის გარანტიას.
კარდიო-ონკოლოგია პაციენტის მკურნალობის პროცესში ერთვება კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან შესაძლო რისკის პრევენციას, გამოვლენას, მონიტორინგს და მკურნალობას ემსახურება.
დასკვნა
ამ კარგად ორგანიზებული განყოფილებების არსებობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტ სიმსივნით დაავადებულ ადამიანს გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. კიბოს საწინააღმდეგო თერაპია გახდება ბევრად ეფექტური საბოლოო პოზიტიური შედეგის მისაღებად.