პირველად „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ – პროსტატის სიმსივნის ლოკალური რეციდივირების დიაგნოსტიკა უახლესი მეთოდით!

წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის კიბო მამაკაცებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და საწყის სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მართალია, შემთხვევითობის მიხედვით, პროსტატის კიბო პირველ ადგილზეა, მაგრამ სიკვდილიანობით, სიმსივნეების ხუთეულში არ შედის. სწორედ ამიტომ, ადრეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს დადგენა მნიშვნელოვანია – დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, პაციენტის სრული განკურნება შესაძლებელია. დაავადება, ძირითადად, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება, თუმცა არაა გამორიცხული, ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ უროლოგები, რადიოლოგები და ონკოლოგები, პროსტატის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს  დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს სტანდარტებს სთავაზობენ. პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდგომი რადიოლოგიური (მულტიპარამეტრული მრტ-კვლევის) შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტი შემუშავებულ იქნა 2021 წელს, ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციების მონაწილეობით, ამერიკის რადიოლოგთა კოლეგიის უროგენიტალური ჯგუფის მიერ.

 

პროსტატის სიმსივნის განსაზღვრის PI RADS სისტემა

უახლესი დიაგნოსტიკის მეთოდს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ რადიოლოგი, ნინო ბოგვერაძე გაგვაცნობს, თუმცა მანამდე, საუბარს პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებით ვიწყებთ:

„წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიის დიაგნოსტირებისთვის პირველად კვლევას წარმოადგენს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა სისხლში, მისი მომატების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ ალგორითმში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი, პირველი რიგის რადიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს. წინამდებარე ჯირკვლის დიაგნოსტირებისა და ინტერპრეტაციისთვის შეიქმნა PI RADS სისტემა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით და სპეციფიური ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, რადიოლოგებს შესაძლებლობა გვეძლევა, განვსაზღვროთ, არის თუ არა წინამდებარე ჯირკვალში პათოლოგიური უბანი და რა ხარისხის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს იგი პაციენტისთვის. PI RADS სისტემა ხუთქულიანია – ნორმა – 1 და 2 ქულა, 3 -საჭვო, 4 და 5 – დიდი ალბათობით, სიმსივნური უბანი“, – გვიამბობს ნინო ბოგვერაძე.

მას შემდეგ, რაც PI RADS სისტემის ქულათა საშუალებით, რადიოლოგი პაციენტს შეაფასებს, მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელშიც შედის ონკოუროლოგი, ონკოლოგი და პათოლოგ-ანატომი, რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე, პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს:

„PI RADS სისტემა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მისი მიხედვით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები „ერთ ენაზე ვსაუბრობთ“. მას შემდეგ, რაც MRI-ის საშუალებით, განვსაზღვრავთ საეჭვო უბანს წინამდებარე ჯირკვალში ანუ რადიოლოგიურად, ონკოლოგიაზე მივიტანთ ეჭვს, აღნიშნული პროცესი საჭიროებს მორფოლოგიურ დიაგნოსტიკას, რაც თავის მხრივ პროსტატის ბიოფსიას გულისხმობს. როდესაც მრავალფუნქციურ და ჩამოყალიბებულ დიაგნოზს მივიღებთ, ონკოუროლოგი მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს“. 

სულ მალე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“, დამიზნებითი ბიოფსია დაინერგება. ნინო ბოგვერაძე გვიხსნის, რომ დამიზნებითი ბიოფსიის მიზანი წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური უბნიდან მასალის მაქსიმალური სიზუსტით აღებაა. რადიოლოგი ახდენს პათოლოგიური პროცესის ე.წ. „მონიშვნას“, ხოლო უროლოგი ახორციელებს დამიზნებით ბიოფსიას.

 

პროსტატის სიმსივნის რეციდივი და PI RR მეთოდი

მას შემდეგ, რაც პროსტატის სიმსივნეს პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს და სასურველ მკურნალობას ჩაატარებს, დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ეტაპი. ამ დროს საჭიროა, როგორც განკურნებული პაციენტის, ასევე ექიმების განსაკუთრებული მობილიზება, რათა პაციენტის ყურადღება არ მოდუნდეს. ნინო ბოგვერაძე გვიხსნის, რომ მართალია, პაციენტის მკურნალობის ამ ეტაპით, თითქოს ყველაფერი სრულდება, მაგრამ ონკოლოგიურ პათოლოგიას მუდმივი ყურადღება და დაკვირვება სჭირდება. ეს იმიტომ, რომ სიმსივნეს რეციდივი ანუ გამეორება ახასიათებს. პაციენტის მკურნალობის პირველი ეტაპის შემდეგ, პროცესზე დაკვირვების რეკომენდაციები უროლოგის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი რეციდივირების MRI შეფასება 2021 წლის მეორე ნახევარში, ამ სფეროს ექსპერტებმა, საერთაშორისო კონსენსუსის სახით, გაიდლაინებზე დაფუძნებით შეიმუშავეს:

„როგორც წესი, პროსტატის კიბოს რეციდივირების მეთვალყურეობისთვის პროსტატის სპეციფიური ანტიგენია პირველადი სადიაგნოსტიკო საშუალება. თუ ონკომარკერი მოიმატებს, ეს საეჭვოს ხდის ონკოლოგიური პროცესის  განახლებას. იმისთვის, რომ ადგილობრივი რეციდივი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირდეს, საერთაშორისო კონსენსუსზე დაყრდნობით, იგივე მულტიპარამეტრული MRI-ის მეშვეობით ვაფასებთ ლოკალური რეციდივის არსებობას და მის აგრესიულობას, სხივური თერაპიისა და პროსტატექტომიის შემდგომ. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა პროსტატის ვიზუალიზაციის რეციდივირების რეპორტინგის სისტემა – PI RR, რომელიც PI RADS-ის მსგავსია და რეციდივირების შესაფასებელი კომბინირებული კრიტერიუმები გახლავთ“.

ნინო ბოგვერაძე გვიხსნის, რომ „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ „სიმენსის“ ფირმის სამტესლიანი MRI აპარატს გააჩნია ზემოაღნიშნული სისტემის პროტოკოლი. ეს აპარატურა ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციურ ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ წინამდებარე ჯირკვლის დიაგნოსტიკა და ადგილობრივი რეციდივი სრულყოფილად, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად შეაფასონ.

Recent posts

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.